გიტანას ნაუსედა - ახლა არავის შეუძლია მშვიდად ყოფნა, ამიტომაც ვითხოვთ, რომ გადაიდგას აუცილებელი ნაბიჯები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივის უზრუნველყოფისთვის
გიტანას ნაუსედა - ახლა არავის შეუძლია მშვიდად ყოფნა, ამიტომაც ვითხოვთ, რომ გადაიდგას აუცილებელი ნაბიჯები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივის უზრუნველყოფისთვის

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, დღეს ევროპაში არავის შეუძლია მშვიდად ყოფნა, მათ შორის არც იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან მოშორებით მდებარეობენ.

ნაუსედამ ჟურნალისტის კითხვის, შესაძლებელია თუ არა, რომ შემდეგში რუსეთმა პოლონეთს ან ლიეტუვას დაარტყას, საპასუხოდ განაცხადა, რომ დღეს შექმნილი მდგომარეობა დემოკრატიული მსოფლიოსთვის გამოწვევაა.

„არავის შეუძლია ახლა მშვიდად ყოფნა. შესაძლოა, ეს იყოს პოლონეთი, შესაძლოა, ეს იყოს ბალტიის ქვეყნები, მაგრამ ევროპაში არავინ, ისინიც კი, ვინც რუსეთთან პირდაპირი საზღვრიდან მოშორებით მდებარეობენ, არ არიან დაცულები. ეს არის გამოწვევა, ეს არის გამოწვევა მთელი რეგიონისთვის, დემოკრატიული მსოფლიოსთვის, დასავლური ღირებულებებისთვის“, – განაცხადა ნაუსედამ.

​ამასთან, მედიის წარმომადგენლების კითხვაზე, რომ ამ მხრივ საქართველოშიც მძიმე მდგომარეობაა, ნაუსედამ აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მეტი მხარდაჭერაა საჭირო საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის.

„სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ენთუზიაზმით ვითხოვთ, უფრო მეტ მხარდაჭერას ევროპულ ფორმატში. ეს არის მიზეზი, რატომაც ვითხოვთ მუდმივად, რომ გადაიდგას აუცილებელი ნაბიჯები, რომ ამ ქვეყნებისთვის უზრუნველვყოთ პერსპექტივა, ევროპული პერსპექტივა. ჩვენ შეგვიძლია, განვიხილოთ ფორმულირება, ვადები. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიგნალების გაგზავნა საქართველოსთვის, მოლდოვასთვის, რომელიც შესაძლოა, საქართველოზე რთულ მდგომარეობაშიც კი არის და რა თქმა უნდა უკრაინისთვის“, – განაცხადა ნაუსედამ.