გიტანას ნაუსედა - ადამიანის უფლებათა მასშტაბური დარღვევები ახალი ნორმა არ უნდა გახდეს, სამართლიანობა მხოლოდ უკრაინის გამარჯვებით აღდგება
სამართლიანობა მხოლოდ უკრაინის გამარჯვებით აღდგება, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ კიევში, „ყირიმის პლატფორმის“ სხდომაზე განაცხადა.
ნაუსედამ აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 10 წელზე მეტი ხნის წინ სწორედ ყირიმიდან დაიწყო.
„და იქ უნდა დასრულდეს მისი ტერორისტული მმართველობაც. „ყირიმის პლატფორმის“ მე-4 სხდომაზე მე ხაზი გავუსვი, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, ადამიანის უფლებათა მასშტაბური დარღვევები გახდეს ახალი ნორმა. სამართლიანობა მხოლოდ უკრაინის გამარჯვებით აღდგება“, – განაცხადა ნაუსედამ.
ამასთან, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ, რომელიც კიევში „ყირიმის პლატფორმის“ სხდომაზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ლატვია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.
ცნობისთვის, დღეს კიევში იმყოფებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი. ასევე, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა.