გიტანას ნაუსედა - უკრაინაში კორუფციული სკანდალი იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას აფერხებს
გიტანას ნაუსედა - უკრაინაში კორუფციული სკანდალი იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას აფერხებს

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ უკრაინაში კორუფციული სკანდალი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დასავლეთის ქვეყნებსა და პარტნიორებზე კიევისთვის იარაღის მიწოდებასთან მიმართებაში.

„ეს მნიშვნელოვანი მიზეზია. ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ქვეყნები, რომლებიც დახმარებას უწევენ უკრაინას, დემოკრატიული ქვეყნები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა გაითვალისწინონ თავიანთი საზოგადოების, ამომრჩევლის აზრი. წარმოიდგინეთ, ამომრჩევლები ხედავენ, რომ ძალიან თვალსაჩინო კორუფციული სკანდალები ხდება იმ ქვეყანაში, რომელსაც ეხმარებიან. ეს არის დიდი დარტყმა ამ სახელმწიფოს რეპუტაციისთვის“, – ამბობს ნაუსედა.

ეს განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის გადაყენების შესახებ გააკეთა განცხადება. ზელენსკის მინისტრის შეცვლის ოფიციალურ ვერსიად კორუფცია არ დაუსახელებია, თუმცა საერთაშორისო მედიაში ეს მოსაზრება აქტიურად ვრცელდება.