გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელის რაოდენობა სამ წლამდე შემცირდა. გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვა 3 იანვარს დასრულდა და მოსამართლე გიორგი არევაძე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავიდა.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები რამდენიმე წელია მიმდინარეობს. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ბრალის მიხედვით, მაღალი თანამდებობის პირებისათვის პასუხისგების აცილების მიზნით სააკაშვილმა პირობა გასცა, რომ ოთხ მსჯავრდებულს ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძეს, გერონტი ალანიასა და ავთანდილ აფციაურს შეიწყალებდა.