„გირჩის“ წევრებმა საქართველოს პარლამენტში სატელევიზიო სტუდია მოაწყვეს, საიდანაც დღეს პირველი პირდაპირი ეთერი განხორციელდა.
„გირჩის“ წევრის, დეპუტატ იაგო ხვიჩიას თქმით, მათი სურვილია, საპარლამენტო ტელევიზიის გაკეთება, სადაც „გირჩის“ პროექტები გავა ეთერში.
„ჩვენ გვინდა, გირჩის სამი პროექტი, „დაუჯერებელი ამბები“, „თავისუფალი ბაზარი“ და „პროცესი“ „გირჩის“ სამეფოს საპარლამენტო სტუდიაში გადმოვიტანოთ და „პარლამენტ ტივი“ გავაკეთოთ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, საპარლამენტო სტუდიაში გარკვეული კორექტივები უნდა შეიტანონ, ხოლო სტუმრები როგორც დეპუტატები, ასევე მედიის წარმომადგენლებიც იქნებიან.
„მაგალითად, კედლები არ მოგვწონს, ძალიან ბიუროკრატიულია, „გირჩულად“ გვინდა, გავაკეთოთ და ალბათ რაღაცებს შევცვლით. სტუმრების გამო მოვედით აქ, 150 დეპუტატი, ამას დამატებული ბევრი ადამიანი, ვინც სტუმრად მოდის პარლამენტში, გვინდა, ჩვენი სტუმრებიც იყვნენ. მედიასაც ვეპატიჟებით სიამოვნებით, მაგრამ დღეს უარი გვითხრეს. მედიის თვალით ნანახი საპარლამენტო საქმიანობა გვაინტერესებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.