„გირჩი“ - თუ ვერ გამოვიყენებთ ბოლო შანსს და წარუმატებლად დავასრულებთ მოლაპარაკებას, ჩვენი ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე
პარტია „გირჩი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ვერ შედგა, რადგან იყო ერთპარტიული და არ იყო წარმოდგენილი კონსტიტუციის ცვლილებისთვის საჭირო პარლამენტართა მინიმუმიც კი.
ამასთან, განცხადების თანხმად, „გირჩი“ უარს ამბობს არასრულფასოვან პარლამენტში შესვლაზე და თუ წარუმატებლად დასრულდება ხელისუფლებასთან მოლაპარაკება, მათი ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე.
„დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ვერ შედგა. ვერ შედგა ორი მიზეზის გამო: ის იყო ერთპარტიული და დღეს იქ არ იყო კონსტიტუციის ცვლილებისთვის საჭირო პარლამენტართა მინიმუმიც კი – 113 ადამიანი. ჩვენ, არჩევნების დასრულების დღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ პარლამენტში შესვლას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ის ნამდვილად იქნება პარლამენტი, რაც ნიშნავს იმასაც, რომ იქ არის განსხვავებული აზრი და შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
„გირჩი“ უარს ამბობს არასრულფასოვან პარლამენტში შესვლაზე და იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოვიყენებთ ბოლო შანსს – ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების დახმარებას, და წარუმატებლად დავასრულებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, გირჩის ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.