„გირჩი“ - მთავრობას ვურჩევთ, არ მიიღოს არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია შეზღუდვებთან და შეიძლება, აღქმული იყოს 8 ნოემბრის აქციის ორგანიზებაში ხელის შეშლად
ვურჩევთ მთავრობას, არ მიიღოს არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია დაანონსებულ შეზღუდვებთან და რაც შეიძლება აღქმული იყოს 8 ნოემბრის პოლიტიკური აქციის ორგანიზებაში ხელის შეშლად, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
პარტიაში აცხადებენ, რომ შეზღუდვები ქმნის პოლიტიკური დაძაბულობისთვის ხელსაყრელ ფონს და ამავდროულად, ინფექციის გავრცელებაზე ვერანაირ პოზიტიურ გავლენას ვერ ახდენს.
ახალი შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში, „გირჩი“ მოსახლეობას მოუწოდებს, 8 ნოემბერს აქციაზე არამხოლოდ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, არამედ შეზღუდვების წინააღმდეგაც მივიდეს.
„გაზაფხულიდან ვირუსთან ბრძოლა ხელისუფლების პოლიტიკურ იარაღად იქცა. თუ ადრე მოსახლეობაზე მზრუნველობის მოტივით ადამიანების დევნა მმართველი პარტიის რეიტინგის ზრდას ემსახურებოდა, ახლა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით გამოიყენება. შეზღუდვები ანადგურებს ეკონომიკას, ქმნის პოლიტიკური დაძაბულობისთვის ხელსაყრელ ფონს იმ პირობებში, რომ ვერანაირ პოზიტიურ გავლენას ინფექციის გავრცელებაზე ვერ ახდენს და ეპიდემიას უფრო საშიშადაც აქცევს.
ასეთი მიდგომა არ აძლევს ადამიანს შესაძლებლობას, გამიჯნოს, თუ რა არის ნამდვილი თავდაცვის საშუალება და რა არის პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილი.
მოვუწოდებთ და ვურჩევთ მთავრობას, არ მიიღოს არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია დაანონსებულ შეზღუდვებთან და რაც შეიძლება აღქმული იყოს 8 ნოემბრის პოლიტიკური აქციის ორგანიზებაში ხელის შეშლად.
პოლიტიკურ ოპოზიციას და ოპოზიციურ მედიას ვურჩევთ, გაემიჯნონ ვირუსთან შეზღუდვებით ბრძოლის სტრატეგიას და დაუჭირონ მხარი იძულებითი შეზღუდვების დაუყონებლივ გაუქმებას და ქვეყნის საზღვრების გახსნას.
მთავრობის მიერ შეზღუდვების არ მოხსნის და დაანონსებული ახალი შეზღუდევბის ამოქმედების შემთხვევაში, მოგიწოდებთ ყველას, 8 ნოემბერს არა მხოლოდ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, არამედ მთავრობის „ანტივირუსული“ ქმედებების წინააღმდეგაც გამოვიდეთ, რომლებმაც ამ უმძიმესს სიტუაციამდე მიგვიყვანა“, – ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში.