„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს
პოლიტიკურმა მოძრაობამ „გირჩი-მეტი თავისუფლება” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ ნაგავი დაყარა. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ეს იყო ერთგვარი აქცია-პერფორმანსი, რომლის მიზანიც სახელმწიფო უწყებებისა და მათი მმართველების ნერვების მოშლა, საბოტაჟი და პარალიზებაა.
პერფორმანსის მონაწილეები პოლიციამ 80 ლარით დააჯარიმა.
პარტიის ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განმარტებით, მსგავსი აქცია-პერფორმანსები სხვა სახელმწიფო უწყებებთანაც მოეწყობა.
„მე არ მჯერა ტრადიციული პროტესტის ფორმების, მიტინგზე შეკრება არაეფექტურია. სისტემა შეგუებულია მაგას და იცის, როგორ გებრძოლოს. მჯერა სხვა გზების, როგორიც არის ნერვების მოშლა, საბოტაჟი და პარალიზება მუშაობის. სუს-ი არის კარგი სამიზნე. სუს-იდან იმიტომ დავიწყეთ, რომ რეალურად აქედან იმართება ეს ქვეყანა. დანარჩენი ყველა ინსტიტუტი არის ფორმალობა. ეს არის ერთადერთი ლილუაშვილი, რომელიც მართავს, რომელიც ბიძინას უზის და აქედან ამართინებს ყველაფერს, მათ შორის არჩევნებსაც ატარებს ეს შენობა. ამიტომ მოვედით დღეს და ჩავატარეთ აქცია, დავუყარეთ ნაგავი. ეს არ არის ერთჯერადი აქცია, კიდევ მოვალთ, კიდევ დავყრით. უფრო მეტი მსურველი გამოჩნდება, ეჭვი მაქვს, ვისაც ენდომება აქ ნაგავი მოიტანოს და დაყაროს. გავარკვიეთ, რომ ორ კილომდე შეიძლება ყარო და იაფში გამოდიხარ“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.