„გირჩი“ მეორე ტურში მონაწილეობის პირობებს ასახელებს.
როგორც პარტიის წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს უბნები, სადაც ზუსტად იციან, რომ გაყალბებული აქვთ და დაიწიონ პროცენტი ისე, რომ მეორე ტურებს ჰქონდეს აზრი.
„დღეს უკვე ცხადია, ასეთი კონსენსუსი არ ყოფილა საქართველოში, რომ არჩევნები გაყალბდა. ფაქტობრივად, არის შეუძლებელი იმის დიაგნოსტირება, რამხელა მასშტაბზეა საუბარი, მაგრამ ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ ზუსტად, რომ „ქართულმა ოცნებამ“ როდესაც რამდენჯერმე გადაგვაგდო, ბოლო კოზირი, მაჟორიტარული არჩევნები შეინარჩუნა, რათა ხელისუფლების მისაღებად გამოეყენებინა. დღესაც ზუსტად ვიცით, რომ ამ ოპოზიციის გარეშე ჩვენს პარლამენტში ყოფნას არანაირი აზრი არ გააჩნია. ვინაიდან არავინ არ შედის და ასეთი დიდი ერთსულოვნებაა ოპოზიციურ სპექტრში, ჩვენ ვეძებთ ვერსიებს, რა შეიძლება იყოს ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი. ზუსტად ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალს ვხედავთ ასე, თუმცა აქვე გაგაფრთხილებთ, რომ ოპოზიციური კოლეგები ამ ვერსიის მიმართ არიან სკეპტიკურები. არა იმიტომ, რომ ეს ვერსია არ მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ ისინი ფიქრობენ, ეს ხელისუფლებისთვის დამარცხებას ნიშნავს და ისინი ამაზე არ წამოვლენო. ჩვენ ვიძახით, რომ რა ვიცი, ქუჩაში მართლა ქვის სროლას და კორონას დროს, უფრო დიდი რისკი არ არის იმაზე წასვლა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში მოაწყო და გვაიძულებს, რომ გავაკეთოთ. ამიტომ, იდეა იყოს, იდეა გეცოდინებათ თქვენ, მედიას, იდეა იციან საელჩოებმა, უცხოელმა პარტნიორებმა.
ჩვენ ვთავაზობთ ასეთ გამოსავალს, რადგან გააყალბებთ, ახლა ნება იბოძეთ თავად, ის კი არა, რომ ჩვენ რამენაირად ჩავერთვებით, თვითონ გააკეთონ თავისი შავი სამუშაო. თვითონ იციან, რომელი უბნები აქვთ გაყალბებული. ჩვენი საჩივრები არის უბნების უდიდეს ნაწილზე, შესაბამისად, აიღონ ის უბნები, სადაც ზუსტად იციან, რომ აქვთ გაყალბებული, გააუქმონ ის უბნები, დაიწიონ პროცენტი ისე, რომ მეორე ტურებს ჰქონდეს აზრი და ჩვენ, მთლიანი ოპოზიცია ფაქტობრივად, დავდებთ პირობას, რომ მეორე ტურებში ისეთ უპრეცედენტო ერთიანობას ვაჩვენებთ, რომ ამ იდიოტური საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებშიც კი, ისეთ უპრეცედენტო სადამკვირვებლო ღონისძიებებს მივიღებთ, რომ მეორე ტურებს დავანგრევთ თავზე“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
კითხვაზე – რა პროგნოზი აქვს, უბნების გადათვლის შემთხვევაში, მეგრელიშვილი ამბობს, რომ „ეს საერთოდ არ აინტერესებს“.
„მე საერთოდ არ მაინტერესებს. სულ მიდიხართ რაღაცების თვლასთან. თვლაში გაყალბებაა. ჩვენ მივიღეთ სიყალბე 55%-დან 48%-მდე და დღესაც სიყალბეა დატოვებული. არ მაინტერესებს სადამდე უნდა ჩამოვიდეს. სადამდეც მეორე ტურებს, 16 მეორე ტურს ოპოზიციასთან უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ ჩაიბარებს ხელისუფლებას, ამაზეა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას აძლევენ ბოლო შანსს, რომ მათ მიერ შეთავაზებულ სქემაზე წამოვიდნენ.
„მათ ხელისუფლება მოიპარეს და ჩვენ ვაძლევთ ბოლო შანსს, რომ ასეთ სქემაზე წამოვიდნენ. იდეის მეორე ნაწილი, აუცილებელი ნაწილი კი არის, რომ მეორე ტურები რომც მოვიგოთ, მაინც არ ჩავთვლით ამ არჩევნებს სამართლიანად. ფაქტობრივად, ვთვლით, რომ უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ ერთი წლის ვადაში, უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ახალ გარემოში, ახალი ადმინისტრაციის პირობებით. რომ წავაგოთ მაჟორიტარული მეორე ტურები, მაინც შევალთ პარლამენტში და ამ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის პროცესს, ერთი წლის შემდეგ განვახორციელებთ პარლამენტიდან. პარალელური დათვლის შედეგები კიდევ ერთი არგუმენტია ჩვენს სასარგებლოდ, სადაც ვამბობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 20% კი არ მოიპარა, 30% კი არ მოიპარა – არა, მან მოიპარა იმდენი, რაც ხელისუფლების მითვისებისთვის იყო საჭირო და ეს შეიძლება იყოს 3% ეს შეიძლება იყოს 5%“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
მისივე თქმით, ეჭვქვეშ არ აყენებს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 40,54%-იანი ჩამკეტი გადალახა.
„ეჭქვეშ იმას კი არ ვაყენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხმები არ მიიღო. იმას ვაყენებთ, რომ იმდენად გააყალბა, რომ დღეს იმის დადგენა, სად იყო სამართლიანი ხმის მიცემა, შეუძლებელია. ხომ ჩანს, რამხელა ქაოსია და როგორი აბსურდია ქვეყანაში, ვეღარ იხილავენ ოქმებს.
ჩვენ ყველა ვარიანტში მივყვებით ოპოზიციას, უბრალოდ გვინდა საზოგადოებამ გაიგოს, რომ ეს არის რაღაც სარეზერვო, მშვიდობიანი, კონფრონტაციისგან თავის არიდების, საარჩევნო პროცესში დაბრუნების, ანუ არჩევნებისადმი ბოლომდე იმედი რომ არ გადაეწუროთ ადამიანებს, იმის დატოვების შანსი“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.