„მოქალაქეებს მარიხუანის მოხმარების გამო ჩამორთმეული მართვის მოწმობები დაუბრუნდებათ“
„მოქალაქეებს მარიხუანის მოხმარების გამო ჩამორთმეული მართვის მოწმობები დაუბრუნდებათ“

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გაუქმდა, სარჩელის ავტორი, პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩი“ გამოეხმაურა.

„გირჩის“ ერთ-ერთი წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ადამიანებს, რომელთაც ავტომობილის მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ მარიხუანის მოხმარების გამო, შეზღუდვა მოეხსნებათ და მოწმობები დაუბრუნდებათ.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, შეუძლებელი იქნება, ადამიანი დაიჭირონ ან რაიმე პრობლემა შეუქმნან, თუ კანაფი პირადი მოხმარების მიზნით ექნება.

„როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ეს არის ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლება, თავის თავში მოიცავს იმას, რომ ადამიანს აქვს უფლება, ამ განვითარებისთვის რაღაც გააკეთოს. შეუძლებელია პროცესები წავიდეს იმ მიმართულებით, რომ პირადი მიზნით მოსახმარებელ კანაფზე ადამიანი არამხოლოდ დაიჭირონ, არამედ რაიმე პრობლემა შეუქმნან.

მოცემულ შემთხვევაში, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ კუთხით იხდიდა სასჯელს ან რამე ტიპის შეზღუდვას განიცდიდა, მაგალითად, ჩამორთმეული ჰქონდა ავტომობილის მართვის უფლება, მას უნდა მოეხსნას ეს შეზღუდვები. სასამართლომ თქვა, რომ იხსნება ყველა ნასამართლობა, რომელიც ამ მუხლით კანაფთან დაკავშირებით ადამიანებს ჰქონდათ. დაბრუნდება ყველა მართვის მოწმობა, რომელიც ადამიანებს ამ მუხლით აქვთ შეჩერებული“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

როგორც „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლომ მნიშვნელოვანი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პირს უფლება აქვს, თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, რომელიც წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს.

„სასამართლომ ამით თქვა არა ის, რომ ნარკოპოლიტიკაში მოხდა გარღვევა, არამედ ისიც თქვა, რომ სახელმწიფო უნდა შეეშვას ალტერნალისტულ მიდგომებს ადამიანებზე, რომელიც აისახება არამხოლოდ მარიხუანაზე, არამედ დროთა განმავლობაში ყველა ტიპის ნარკოტიკზე, რადგან თუ მარიხუანა და კანაფი არის ასეთი, მაშინ ჩათვალეთ, რომ ნებისმიერი ნარკოტიკი შესაძლებელია იყოს ასეთი“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ქვეყანაში კანაფის მოცულობა შესაძლოა, გაიზარდოს, თუმცა ნარკოტიკული საშუალება არასრულწლოვანთა ხელში არ უნდა მოხდეს.

„ქვეყანაში გაჩნდება უფრო მაღალი ხარისხისა და მაღალი რაოდენობის კანაფის პროდუქტი. მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს უბრალოდ მოხდება და არ უნდა შევხვდეთ გარკვეული შიშებითა და ქვეცნობიერი ინსტინქტებით. მზად უნდა ვიყოთ, რომ არასრულწლოვან ადამიანებს არ ჩაუვარდეთ ხელში ნარკოტიკული საშუალება, რათა არ მოხდეს ამ ფაქტების სხვადასხვაგვარი იმპლემენტირება იმ ადამიანების მიმართ, ვინც მხარს არ გვიჭერდნენ ამ საქმეში.

ჩვენ დღეს პირველად გავარღვიეთ საბჭოთა კავშირის მიერ დაცემული ზღუდე ნარკოტიკებთან დაკავშირებით. პირველად ვთქვით ადამიანზე, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არასოდეს იქნება კრიმინალი. ამ სიტყვების უკან დაბრუნება უბრალოდ შეუძლებელია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტი ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა.