გიორგი ზურაბიშვილის ბლოგი - საქართველოს ნაკრების ანალიზი
გიორგი ზურაბიშვილის ბლოგი - საქართველოს ნაკრების ანალიზი

შესავალი

დღეს ქართული კალათბურთისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. თბილისის დროით 19:30-ზე საქართველოს ნაკრები 2017 წლის “ევრობასკეტზე” თავის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენი მეტოქე მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთი გრანდი, ლიტვის ნაკრები იქნება. სანამ ევრობასკეტი დაიწყება, შევეცდები მოკლედ ვისაუბრო ჩვენი ამჟამინდელი ნაკრების შესახებ. გუნდმა ძალიან კარგი მოსამზადებელი ციკლი ჩაატარა. საქართველოს ნაკრებმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ისეთი გუნდები, როგორებიც ლატვიის, ლიტვის, ჩეხეთის, საბერძნეთის და სერბეთის ნაკრებებია. ამ თამაშების განმავლობაში ბევრი რამ გამოჩნდა და ბევრი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა:

პლიუსები:

ილიას ზუროსი

ბერძენი სპეციალისტი ჩვენი ნაკრებისთვის იდეალური მწვრთნელი გამოდგა. ილიას ზუროსის კვალიფიკაციაში ეჭვი არც არავის ეპარებოდა, მაგრამ იმასაც ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ჩვენს ნაკრებს ბერძენი სპეციალისტის თავკაცობით ამხელა პროგრესი ექნებოდა.

მისი ტაქტიკა დაცვის გარშემო არის აწყობილი. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ნაკრები ზუროსის ხელში უკვე არა მოძველებულ, არამედ თანამედროვე დაცვას თამაშობს. მოძველებულია დაცვა, რომელიც ერთ კონკრეტულ ტაქტიკაზეა აწყობილი. იგორ კოკოშკოვის მწვრთნელობის დროს, ხშირად ვხედავდით, რომ გუნდი ან მკვეთრად გამოკვეთილ ზონურ დაცვას თამაშობდა, რომლის დროსაც მეტოქეები პერიმეტრიდან უამრავ სამიანს გვიგდებდენ, ან მკვეთრად გამოკვეთილ ინდივიდუალურ დაცვას, რომელიც მოთამაშეებისგან დიდი ენერგიის დახარჯვას მოითხოვს და მოკლე სათადარიგო სკამის ფონზე, ინდივიდუალურად ძლიერი კალათბურთელების წინააღმდეგ მხოლოდ ასეთი დაცვა, ხანგრძლივი ტურნირის განმავლობაში, არ ამართლებს. ილიას ზუროსი კი ნაკრებს თანამედროვე დაცვას ათამაშებს და ეს მდგომარეობს იმაში, რომ ბიჭები ძალიან კარგად აზღვევენ ერთმანეთს. გუნდი შერეულ დაცვას თამაშობს და დააკვირდით, თუ რა კარგად ცვლიან პერიმეტრის მოთამაშეები თავიანთ მოწინააღმდეგე კალათბურთელებს. ეს ფაქტორი არის თანამედროვე დაცვის მთავარი ელემენტი. სწორედ ამის ხარჯზე არის “გოლდენ სტეიტ უორიორსი” ასეთი წარმატებული გუნდი. კლეი ტომსონს, კევინ დურანტს, დრეიმონდ გრინს, ანდრე იგუადალას, შონ ლივინგსტონს თავისუფლად შეუძლიათ ერთმანეთის დაზღვევა და ერთმანეთის კაცის გაცვლა, რაც არის კიდეც გოლდენ სტეიტის დაცვის მთავარი პლიუსი. ასეთი ტაქტიკა კარგია როგორც პერიმეტრზე დაცვის დროს, ასევე “პიკ ენდ როლების” დაცვის დროსაც.

ილიას ზუროსის თავკაცობით გუნდი ორმაგ დაცვასაც ძალიან ეფექტურად თამაშობს. როდესაც პერიმეტრიდან ერთ-ერთი კალათბურთელი სამწამიანში თავის თანაგუნდელს უერთდება და მეტოქეს ორმაგ დაცვას ეთამაშება, ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ, ბურთის ამოტანის შემთხვევაში, პერიმეტრზე დარჩენილმა ორმა მოთამაშემ, მეტოქის სამი კალათბურთელი გაანეიტრალოს. ასეთ დროს აზროვნების და გადაწყვეტილების მიღების სისწრაფეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და როგორც ამხანაგურებიდან გამოჩნდა, საქართველოს ნაკრების კალათბურთელები დაცვის ამ კომპონენტსაც კარგად ასრულებენ. საბერძნეთს, სერბეთს და იტალიას საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ პერიმეტრიდან ზუსტი სამქულიანების ძალიან დაბალი პროცენტი ჰქონდათ, რაც შემთხვევითობა ნამდვილად არ არის. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პერიმეტრის ოთხი საკვანძო კალათბურთელი: გიორგი ცინცაძე, მაიკ დიქსონი, მანუჩარ მარკოიშვილი და დუდა სანაძე როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად ძალიან მაღალი დონის დაცვას თამაშობენ, რაც უდავოდ ბერძენი სპეციალისტის დამსახურებაა.

მანუ

ილიას ზუროსის დაცვით ტაქტიკაში საკვანძო კალათბურთელი უდავოდ მანუჩარ მარკოიშვილია. მანუ შეტევაშიც ძალიან პროდუქტიულია. მას მესამე ნომრის პოზიციაზე მოუწევს თამაში, რაც მეტოქე გუნდის დაცვის ხაზს კარგად გაწელავს, რადგან პერიმეტრიდან მანუჩარის ზუსტი სამქულიანები ნებისმიერი მეტოქისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. თუმცა, მანუს მთავარი კოზირი მაინც დაცვაში თამაშია. მარკოიშვილი პრაქტიკულად უშეცდომოა სწრაფი გაცვლების დროს. მას ძალიან კარგად გამოსდის, როგორც თავისი უშუალო ვიზავის, ასევე გაცვლების დროს, პირველი ნომრების, მეორე ნომრების და შემთხვევებში მეოთხე ნომრების წინააღმდეგ დაცვაში თამაში. მანუჩარი თავადაც დროულად გადადის ორმაგ დაცვაზე და ასევე იდეალურად აზღვევს ორმაგ დაცვაზე გადასულ თანაგუნდელებს. იგი ასევე ხშირად კითხულობს მეტოქის მოძრაობას, აკეთებს ჩაჭრებს და ძალიან კარგად აყენებს ბლოკებს, რაც მეტოქეს აიძულებს, რომ შეტევაში ჯარიმა მიიღოს. მოკლედ რომ ვთქვათ, მანუჩარი არის ჩვენი დაცვის ხერხემალი და არაფერია იმაზე სასიხარულო რომ მარკოიშვილი “ევრობასკეტს” კარგ ფორმაში ხვდება. სავარაუდოდ მანუ საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს შორის პარკეტზე ყველაზე მეტ დროს გაატარებს.

ცინცაძე + შერმადინი

სტოქტონისა და მელოუნის დუეტი ვისაც გახსოვთ, ალბათ დამეთანხმებით თუ რამდენად შეუჩერებელი და დაუცველი იყო ამ კალათბურთელების უმარტივესი კომბინაციები. ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოს ნაკრებსაც გამოუჩნდა ამ სტილის ბრწყინვალე დუეტი. გიორგი ცინცაძისა და გიორგი შერმადინის “პიკ ენდ როლების” წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს როგორც ლიტვის, ასევე საბერძნეთისა და სერბეთის ნაკრებებმა.

გიორგი შერმადინის პროგრესი აშკარაა. მას ესპანეთშიც ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. შერმადინი უკვე გაბედულად თამაშობს და მისი ჩვენებების, ცრუ მოძრაობების ყურებაც ერთი სიამოვნებაა. ასევე გიორგიმ ძალიან მოუმატა მოედნის ხედვის ასპექტშიც და იგი მის წინააღმდეგ ორმაგი დაცვის დროს, თავისუფალი თანაგუნდელის მისამართით პასებს არ აგვიანებს. მიუხედავად ამ ბევრი პლიუსისა, ვფიქრობ, გიორგი შერმადინის მთავარი კოზირი მაინც “პიკ ენდ როლების” თამაშია. შერმადინი არის ძალიან მოძრავი ცენტრი და მას აქვს ძალიან კარგი ხელები. იგი პერიმეტრზე დაყენებული ბლოკის შემდეგ, ძალიან სხარტად იხსნება სამწამიანში და ყოველთვის მზად არის ბურთის მისაღებად. შერმადინის ეს მოძრაობა ამ დროს სივრცეს უთავისუფლებს გიორგი ცინცაძეს, რომელსაც რამდენიმე ვარიანტი ეძლევა. ცინცაძე შესანიშნავ ფორმაშია და მას ყველაზე მეტად სწორედ ეს ჭირდება – სივრცე. გიორგი ასეთ შემთხვევაში ან დროულ პასს აძლევს შერმადინს, ანაც ქართველი ცენტრის მოძრაობას იყენებს, თავას შედის გათავისუფლებულ დერეფანში და “პარაშუტით” ასრულებს შეტევას. საქართველოს ნაკრების ამ ორი კალათბურთელის დუეტი ნებისმიერი მეტოქისთვის ურთულესი დასაცავი და ჩვენი გუნდისთვის შეტევაში მთავარი იარაღი უნდა იყოს.

კარგი ლეგიონერი

თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ შემონდ უილიამსის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ასეთი კარგი ლეგიონერი არ ჰყოლია. კონკრეტულად დაცვაში კი არც არასდროს გვყოლია მაიკ დიქსონზე სასარგებლო უცხოელი მოთამაშე. მაიკის მთავარი პლიუსი მისი მოთმინება და მონდომებაა. დიქსონს შეტევაში ძალიან კარგი სასროლო სელექცია აქვს. იგი თავის თავზე ზედმეტს თითქმის არასდროს იღებს და გამოირჩევა როგორც ბურთის კარგი ტარებით, დრიბლინგით და ზუსტი სამქულიანებით, ასევე დროულად აკეთებს გადაცემებს. დიქსონი განსაკუთრებულად კარგია დრიბლინგის დროს, როდესაც მას თავის თავზე რამდენიმე დამცველი გადმოჰყავს და შემდეგ სისწრაფეში ბურთი პერიმეტრზე ძალიან კარგად ამოაქვს. დაცვაში კი მაიკი ძალიან მონდომებულია. იგი შესანიშნავად თამაშობს ინდივიდუალურ დაცვას და სიმაღლის დეფიციტის მიუხედავად, ერთი-ერთზე ნებისმიერი მეტოქეს პრობლემებს უქმნის. დიქსონი ძალიან კარგად ირიდებს მაღალი კალათბურთელების მიერ დაყენებულ ბლოკებს და ყოველთვის ბოლომდე რჩება სათამაშო ეპიზოდში. მაიკ დიქსონი არის სრული პაკეტი და იგი ჩვენს ნაკრებს ძალიან გამოადგება.

შეტევის ახალი ლიდერი

თუ წლების განმავლობაში, შეტევაში, გუნდისთვის მთავარ ვარიანტს ზაზა ფაჩულია წარმოადგებდა, დღეს უკვე, ამ კომპონენტში, ლიდერობა თორნიკე შენგელიამ გადაიბირა. სწორედ შენგელია უნდა იყოს ჩვენი ნაკრების მთავარი მექულე. თორნიკეს “ბასკონიაში” ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და იგი “ევრობასკეტს” შესანიშნავ ფორმაში ხვდება. ვიქტორ სანიკიძის არ ყოფნაში შენგელიას მეტი შავი სამუშაოს შესრულება და საკუთარ ფარზე მეტი ბურთის მოხსნა მოუწევს, თუმცა შენგელიას კოზირი მაინც მისი სისწრაფე და ათლეტურობაა. როდესაც შენგელიაზე სამწამიანში ბურთი ჩადის, მეტოქე უბრალოდ იძულებულია მის წინააღმდეგ ორმაგი დაცვა ითამაშოს. თორნიკე ტრადიციულად კარგია ზურგით ფარისკენ თამაშის დროს. მას თანაბრად კარგად შეუძლია, როგორც დატრიალება და რევერსის ჩაგდება, ასევე ორი ნაბიჯით ფარის გასწვრივ წასვლა და ნახევარკაუჭის ზუსტად სროლა. ბოლო პერიოდში შენგელიამ ახლო მანძილებიდან სროლაც დახვეწა და მას შეუძლია ზურგით ფართან მდგომმა, უკან ნაბიჯით ზუსტად მოათავსოს ბურთი კალათში. ამას ემატება ისიც რომ შენგელია მეტოქისთვის, თავისი სისწრაფის და კარგი ორი ნაბიჯის გამო, პერიმეტრიდანაც საფრთხეა, რაც მეტოქე გუნდების დაცვას კარგად გაწელავს და ჩვენი გუნდისთვის მეტ სივრცეებს შექმნის. ამ ყველაფერთან ერთად თორნიკემ ძალიან მოუმატა საჯარიმოების სროლის პროცენტს, რაც გადამწყვეტია, რადგან შენგელია ძალიან აგრესიული კალათბურთელია და ის საჯარიმო ხაზზე საკმაოდ ხშირად დგება. შეტევაში ასეთი მრავალფეროვანი არსენალი, თორნიკეს პრაქტიკულად დაუცველს ხდის და საქართველოს ნაკრებმა მისი კოზირები კარგად უნდა გამოიყენოს.

კარგი ახალწვეულები

“ევრობასკეტის” დროს, სავარაუდოდ, მეორე ეშელონის კალათბურთელებს, ამხანაგური მატჩებისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლები დრო მიეცემათ, თუმცა მაინც სასიამოვნოა, რომ საქართველო ნაკრებმა საკმაოდ ნორმალური შევსება მიიღო. განსაკუთრების აღსანიშნავია ილია ლონდარიძისა და გოგა ბითაძის კარგი თამაში. ბითაძეს უდავოდ ძალიან პერსპექტიუკი კალათბურთელია. ფაჩულიას და შერმადინის ფონზე, არ მგონია გოგას დიდი სათამაშო დრო მიეცეს, მაგრამ მისთვის წლევანდელი “ევრობასკეტი” შესანიშნავი გამოცდილება იქნება. რაც შეეხება ილია ლონდარიძეს, მისი დახმარება ნაკრებს ნამდვილად დაჭირდება. ვიქტორ სანიკიძის და ბექა ბურჯანაძის ტრავმების ფონზე, ილია თორნიკე შენგელიას მთავარი შემცვლელი უნდა იყოს. “თბილისის დინამოს” კაპიტანს წელს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. ილია ლონდარიძის მთავარი პლიუსი მისი მებრძოლი ხასიათია. მიუხედავად იმისა, რომ ილია ათლეტურობით ბევრ კალათბურთელს ჩამოუვარდება, იგი მეტოქისთვის ძალიან შემაწუხებელ დაცვას თამაშობს. ლონდარიძე თავის ვიზავის პოზიციურად ებრძვის და ბურთის მიღებამდე უქმნის დისკომფორტს. ილიამ კარგად მუშაობს ფეხებით და დაცვაში ერთი-ერთზე საკმაოდ ძლიერი მოთამაშეა. ლონდარიძე ასევე ძალიან კარგად კითხულობს ბურთის ტრაექტორიას და იგი კარგია მოხსნებზე როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ამ ყველაფერთან ერთად ლონდარიძეს სამწამიანში ძალიან კარგი ჩვენებები, მოძრაობები აქვს და მისი გამოყენება ეპიზოდებში შეტევაშიც შეიძლება.

ამხანაგურების დროს ძალიან კარგი შთავეჭდილება დატოვა კიდევ ერთმა ახალწვეულმა – მიხეილ ბერიშვილმა. მიშა ბერიშვილი ჭკვიანი მოთამაშეა. მას აქვს აქტიური, სწრაფი ხელები და ამის გამო იგი კარგია დაცვაში თამაშის დროს. ბერიშვილი ასევე კარგია გაცვლების დროს – მას თანაბრად შეუძლია სხვადასხვა პოზიციის კალათბურთელების წინააღმდეგ დაცვაში თამაში. შეტევაში კი მიშას სხარტი აზროვნება გამოარჩევს. პერიმეტრზე მისი მარტო დატოვება არ შეიძლება, რადგან ბერიშვილი სამქულიანებს ძალიან მაღალი პროცენტით ესვრის.

საჯარიმო სროლები

საჯარიმო სროლების ზუსტად შესრულება ჩვენი ნაკრებისთვის წლების განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენდა, დღეს კი ეს კომპონენტი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი კოზირი გახდა. ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრები საჯარიმოდან დაახლოებით 90%-ის სიზუსტით ესვრის. უკანა ხაზელებთან ერთად, ჯარიმებს მაღალი კალათბურთელებიც ძალიან კარგად ასრულებენ. საქართველოს ნაკრების ორივე ცენტრი, ამ თვალსაზრისით გამორჩეულია. ზაზა ფაჩულიაც და გიორგი შერმადინიც საჯარიმო ხაზიდან ძალიან მაღალი პროცენტით ესვრიან. ამ კალათბურთელებს შეუერთდა თორნიკე შენგელიაც, რომელსაც როგორც გითხარით ამ კომპონენტში უდიდესი პროგრესი აქვს.

ჩვენი ნაკრების ამ ყველა პლიუსს აუცილებლად უნდა დავუმატოთ ის დაგროვილი გამოცდილებაც, რომელიც გუნდმა უკვე წლების განმავლობაში მიიღო. ეს გამოცდილება ჩვენს ნაკრებს ბოლო წუთებში, დაძაბული სიტუაციების დროს ძალიან დაეხმარება. ასეთ მომენტებს კი ძლიერი გუნდების წინააღმდეგ ვერ ავცდებით.

მინუსები

ბურთის გადატანა

ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი მთავარი მინუსი მეტოქის ნაახევარზე ბურთის გადატანაა. აქტიური პრესინგის დროს, ქართველი უკანახაზელები ხშირად კონცენტრაციას კარგავენ, რაც საბოლოოდ ბურთის დაკარგვას იწვევს. ასევე საკმაოდ ხშირია ისეთი სიტუაცია, როდესაც მეტოქის ნახევარზე ბურთის გადასატანად გუნდი დიდ დროს კარგავს, კომბინაციის მომზადება გვიანდება და ორგანიზებული შეტევისთვის სულ რამდენიმე წამი რჩება. ასეთ დროს, შეტევის დასასრულებლად, კონკრეტული კალათბურთელების მხრიდან იმპროვიზაცია და მათი ინდივიდუალური ოსტატობაა საჭირო, რაც ჩვენ კალათბურთელებს ნამდვილად აქვთ, მაგრამ სასურველია, რომ საქმე აქამდე რაც შეიძლება იშვიათად მივიდეს.

პერსონალური ჯარიმები + მოკლე სათადარიგო სკამი

ხშირად ხდება, რომ აგრესიული დაცვის გამო საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ბევრ პერსონალურ შენიშვნას იღებენ. საკმაოდ ხშირად არასასურველ, არასწორ ჯარიმებსაც ვხედავთ, რაც გუნდმა აუცილებლად უნდა გამოასწოროს. არც თუ გრძელი სათადარიგო სკამის ფონზე, წამყვანი კალათბურთელები მაქსიმალურად უნდა შეეცადონ რომ ბევრი პერსონალური შენიშვნა არ მიიღონ. ამ პრობლემისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ მაინც მეტი კონცენტრაციაა საჭირო.

საკუთად ფარზე მოხსნები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობის გათვალისწინებით ჩვენივე კალათზე ბურთების მოხსნა პრობლემა არ უნდა იყოს. ესეც კონცენტრაციის ამბავია – აუცილებელია პოზიციის ზუსტად შერჩევა და მეტოქისთვის ზურგის ჩაყენება. შეიძლება ბურთი შენ არ მოხსნა, სტატისტიკაზე არ ითამაშო, მაგრამ ზურგი ჩაუყენო მეტოქეს, არ მიუშვა კალათთან და ბურთი თანაგუნდელს მოახსნევინო. დარწმუნებული ვარ, რომ ზაზა ფაჩულიას დაბრუნება ამ პრობლემას დიდწილად მოხსნის.

გადამწყვეტი ფაქტორი

ზაზა ფაჩულია

ჩვენი ნაკრების წარმატებისთვის მთავარი ფაქტორი, ჩვენივე გუნდის კაპიტანი, “ენბიეის” ჩემპიონი, ზაზა ფაჩულია უნდა იყოს. ამხანაგურებში გამოჩნდა, რომ გუნდს ფაჩულიას გარეშეც შეუძლია თამაში, თუმცა “ევრობასკეტზე” მისი გამოცდილება გადამწყვეტი იქნება. უმნიშვნელოვანესია, რომ ზაზამ, პროგრესირებადი ნაკრების ფონზე, კარგად გააცნობიეროს თავისი როლი და გუნდისთვის შავი სამუშაოს შესრულება, თავისი საფირმო ბლოკების დაყენება არ ითაკილოს. ფაჩულია უნდა მიხვდეს, რომ შეტევაში ნაკრებს უკვე ბევრი ვარიანტი აქვს და მისმა ავტორიტეტმა გუნდზე უარყოფითად არ უნდა იმოქმედოს. დაცვაში კი ზაზა ფაჩულიას როლი ფასდაუდებელია. გიორგი შერმადინი შეტევაში რამდენადაც კარგია, დაცვაში ძლიერი ოპონენტების წინააღმდეგ გიორგის თამაში უჭირს. იგი საკმაოდ ხშირად თმობს პოზიციას, უკან იხევს, სამწამიანში უშვებს მეტოქეს და შემდეგ ჯარიმას იღებს. იონას ვალანჩუნასის და სხვა უმაღლესი დონის ცენტრების წინააღმდეგ ეს დამღუპველია და დაცვაში ლიდერის ფუნქცია თავის თავზე ზაზა ფაჩულიამ უნდა აიღოს. ზაზას შეუძლია პოზიციური ბრძოლის დროს, თავისი ფიზიკური ძალის ხარჯზე, სამწამიანიდან ამოწიოს მეტოქე და მას მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნას. ფაჩულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი დამცველია და დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი ნაკრების კაპიტანი სწორ ფაქტორებზე გააკეთებს აქცენტს. დარწმუნებული ვარ, რომ ილიას ზუროსი ფაჩულიას იდეალურ როილს მოუძებნის, მთავარია ზაზამ ჩვენი ნაკრების მწვრთნელს დაუჯეროს და ენდოს. სამწუხაროდ ფაჩულია ტურნირს იდეალურ ფორმაში ვერ ხვდება და იმედია მიკრო ტრავმა ჩვენი გუნდის კაპიტანს თამაშში ხელს არ შეუშლის.

დასკვნა

საბოლოოდ შეგვიძლია იმის თქმა, რომ საქართველოს ნაკრებს წარმატების მისაღწევად ყველა საკალათბურთო კომპონენტი გააჩნია. ძლიერები ვართ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. კარგად გამოვიყურებით როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. გამოცდილებაც მოგვიგროვდა, ფსიქოლოგიურადაც კარგად არიან ბიჭები მზად და სტაბილურობაც აღარ არის ჩვენი გუნდის პრობლემა. გვყავს ძალიან კარგი მთავარი მწვრთნელი და დანარჩენი უკვე ტურნირის განმავლობაში გამოჩნდება. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო “ევრობასკეტი” გველოდება!