გიორგი ზერეკიძე - გვარამიას თუ ციხის არ ეშინია, მე სიკვდილის არ მეშინია, რადგან ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენთ გლდანის ციხეში გატარებულ ერთ დღეს
ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანია ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა, – ამის შესახებ გიორგი ზერეკიძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ „არ დაუშვას ხელისუფლებაში ფაშისტების დაბრუნება“.
„თავშივე ვიცოდი, რომ ამათთვის რეალური მიზეზი არ იყო კანონი. კანონი რომ არ ყოფილიყო, სხვა მიზეზს მოიფიქრებდნენ და გაზაფხულზე შემოტევა ექნებოდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და იმ რადიკალების, რომლებიც დღეს ქუჩაში დგანან. ყოველთვის თავს ვარიდებდი, ხანდახან არც მივდიოდი ეთერებში, დუმილს ვარჩევდი და ვფიქრობდი, რომ ეს ადამიანები გამოსწორდნენ, რაღაც კოჰაბიტაციაა და ქვეყნის მომავლისა და იმისთვის, რომ ჩემს შვილს უკეთეს საქართველოში ეცხოვრა, მინდოდა, ეს ყველაფერი დამევიწყებინა, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა. როგორმე დაამხონ ხელისუფლება და ვინ მოდის? რიტორიკული კითხვა მინდა დავსვა – ამათი სცენარი რომ განვავითაროთ, თორემ ეს რეალურად არ მოხდება, აი, ვინ მოდის ხელისუფლებაში – ნიკა გვარამია და ეს მოძალადე ფაშისტები, „ნაციონალური მოძრაობა“ და საქართველოში ისევ გიორგი ზერეკიძეები, ბუტა რობაქიძეები, ისევ გირგვლიანები უნდა იყვნენ?
ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნაში არის სურათები, როგორაა დაზიანებული მამაჩემი, როგორ ჰყავთ 46 წლის კაცი ციხეში წამებით მოკლული. მეც ამ დროს პატიმარი ვიყავი, ოჯახი გაგვანადგურეს და დღეს ისევ ამ ფაშისტებს უნდათ დაბრუნება. ისევ მომდგარი არიან კარზე. მინდა, მივმართო ჩემს შვილს და მომავალ თაობას, ამას არ დავუშვებ. გვარამიას თუ ციხის არ ეშინია, მე სიკვდილის არ მეშინია, რადგან ვერცერთ ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენთ გლდანის ციხეში გატარებულ ერთ დღეს. გვარამიას თუ ციხის არ ეშინია, მე სიკვდილის არ მეშინია. დააყენონ ერთი ადგილები, ვიდრე მართლა ჩემნაირმა გამწარებულმა ადამიანებმა თავი არ შევაკალით ამათ. ეს მართლა ასე მოხდება, თუ დააპირებენ ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობას, არაფერი დამრჩენია, გარდა იმისა, რომ ჩემი შვილის მომავალი უნდა დავიცვა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს არ დავუშვა ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ზერეკიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში.