გიორგი ზაქარაშვილი - უკრაინის საგარეო უწყებაში შეხვედრაზე აღინიშნა ის, რაც უკრაინამ ისედაც კარგად იცის, რუსეთის ინტერვენციის პირველივე დღიდან ჩვენი მაქსიმალური მხარდაჭერა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში
უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ევჰენ პერებიინისთან შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს.
როგორც ზაქარაშვილი აღნიშნავს, უკრაინის საგარეო უწყებაში შეხვედრაზე ევჰენ პერებიინისმა მას სთხოვა, 48 საათის განმავლობაში დატოვოს ქვეყანა, რათა მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით საქართველოში კონსულტაციები გამართოს.
„გუშინ დილით მქონდა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ პერებიინისთან, რომელმაც ამ შეხვედრის მსვლელობისას მაუწყა უკრაინის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, მთხოვა ქვეყნის დატოვება საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, შეხვედრიდან 48 საათის განმავლობაში, რაზეც, ცხადია, დავეთანხმეთ, ვინაიდან ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა და თხოვნა. თუმცა, უკრაინის მხარეს განემარტა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მხარის პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სიმართლეს, რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა მრავალი ფაქტით, რომელიც არაერთხელ გავრცელდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და, შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს, მათ შორის კომუნიკაციისთვის.
აღინიშნა ასევე, და რაც უკრაინის მხარემ ისედაც კარგად იცის, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ რუსეთის ინტერვენციის პირველივე დღიდან საქართველო მაქსიმალურ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მათ შორის ყველა საერთაშორისო მოედანზე, გაერო-ში, ეუთო-ში, ევროსაბჭოში, ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები. აქ ყველგან საქართველო იდგა უკრაინის გვერდით, ისევე როგორც ჰუმანიტარულ ნაწილში. არა მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი გამოიგზავნა ინტერვენციის პირველივე დღიდან, ასევე გაკეთდა არაერთი სხვა ჰუმანიტარული პროექტი, მათ შორის 300-ზე მეტი ბავშვი ჩამოვიდა საქართველოში დასასვენებლად.
ჩემ მიერ ასევე აღინიშნა, რომ ეს პროექტები, მიუხედავად ამ ბოლო მოვლენებისა, აუცილებლად გაგრძელდება, ვინაიდან, როგორც მინისტრმა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველო გააგრძელებს უკრაინელი ხალხისა და მეგობარი ქვეყნის დახმარებას“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას მიმართავს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით გაუგებარს ხდის უკრაინის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი.