გიორგი ზაქარაშვილი - უკრაინის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა გრძელდება ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში, სადაც საქართველო არათუ მხარს უჭერს რეზოლუციებს, არამედ თანასპონსორიც არის
გიორგი ზაქარაშვილი - უკრაინის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა გრძელდება ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში, სადაც საქართველო არათუ მხარს უჭერს რეზოლუციებს, არამედ თანასპონსორიც არის

უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილი ​აცხადებს, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა უკრაინაში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ელჩმა საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.

„საელჩო ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს, ვიღებთ მოქალაქეებსაც. ცხადია, იმ დროს წყდება მუშაობა, როდესაც გამოცხადებულია განგაში, ამ დროს ხდება ჩასვლა თავშესაფარში, მაგრამ სხვა დროს ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელელებთ მუშაობას. მოგეხსენებათ, არც საელჩოს კიევში და არც გენერალურ საკონსულოს ოდესაში არ შეუწყვეტია მუშაობა თებერვლიდან დაწყებული.

ვითარება უფრო დაძაბულია კიევში, ვიდრე ეს იყო ზაფხულის პერიოდში. როგორც იცით, 10-11 ოქტომბერს რუსეთის მხრიდან განხორციელდა ყველაზე დიდი სარაკეტო შეტევა 24 თებერვლის შემდეგ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეტევა განხორციელდა ძირითადად სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ და დაზიანდა სამოქალაქო და ინფრასტრუქტურის ობიექტები. ასევე, პირველად რამდენიმე თვის განმავლობაში რაკეტა ჩამოვარდა კიევის ცენტრში, შევჩენკოს პროსპექტზე, იმავე პროსპექტზე მდებარეობს საქართველოს საელჩოც, იმ გზაჯვარედინიდან, სადაც ორი რაკეტა ჩამოვარდა 300-400 მეტრში. ცხადია, ამან იმოქმედა მოსახლეობაზეც, თუ ადრე ნაკლებად ჩადიოდნენ თავშესაფარში განგაშის გამოცხადების დროსაც, ახლა მეტად ყურადღებით არის მოსახლეობაც და მათ შორის, ჩვენც“, – აღნიშნა ელჩმა.

როგორც გიორგი ზაქარაშვილმა აღნიშნა, საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მიმართვები ძირითადად დაკავშირებულია საზღვრის გადაკვეთის დროს შექმნილ პრობლემებთან. მისივე თქმით, ყველა საკითხი მეგობრულ, კონსტრუქციულ ჭრილში განიხილება უკრაინულ მხარესთან.

„საკონსულოში ყოველდღეა მიღების საათები დილიდან შუადღემდე, ოთხშაბათის გარდა და ყველას შეუძლია, მოვიდეს გვითხრას თავის პრობლემა და მაქსიმალურად ვეცდებით დახმარებას. ასევე, მუშაობს ცხელი ხაზებიც. ჩვენი მოქალაქეების მხრიდან მომართვები ძირითადად არის საზღვრის გადაკვეთის დროს შექმნილი პრობლემების გამო, ბიზნესაქტივობებთან დაკავშირებული, ზოგჯერ არის საქონლის შეფერხება და ა.შ., თუმცა რაიმე კარდინალურად შეცვლილი სიტუაცია არ არის ამ მხრივ. უკრაინული მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენთან ყველა პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ვიხილავთ მეგობრულ, კონსტრუქციულ ჭრილში და შესაბამისად, მალევე წყდება“, – აღნიშნა ელჩმა.

ზაქარაშვილის ინფორმაციით, საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ფრონტის ხაზზე მყოფი ქართველი მოხალისეების უმრავლესობასთან.

„ჩვენ ასევე გვაქვს კონტაქტი ქართველ მოხალისეების ნაწილთან, რომლებიც ფრონტზე იმყოფებიან. ვერ გეტყვით, რომ ყველა მათგანთან ვართ კავშირზე, მაგრამ უმრავლესობასთან ვართ კონტაქტზე. ძირითადად ეს ხორციელდება ჩვენი სამხედრო ატაშეს ხაზით, რომელიც მათთან მუდმივ კონტაქტზეა. ვეხმარებით იმ კუთხით რომ ზოგჯერ სჭირდებათ საქართველოში გამომგზავრება, დახმარება საბუთებთან დაკავშირებით სხვადასხვა ლოჯისტიკური, რასაც ცხადია, ვუკეთებთ. ასევე, სამწუხაროდ როდესაც გვყავს დაღუპული, გადმოსვენების საკითხსაც საელჩო აგვარებს“, – განაცხადა ზაქარაშვილმა.

​რაც შეეხება უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ედიშერ კვარაცხელიას საქართველოში გადმოსვენების პროცესს, ელჩის ინფორმაციით, სამშობლოში მისი გადმოსვენება სავარაუდოდ, 2-3 დღეში მოხდება.

„გუშინ იყო ედიშერ კვარაცხელიას პანაშვიდი კიევში. ახლა უკვე გადასვენება ხდება ვარშავისკენ, საიდანაც უკვე განხორციელდება გადმოსვენება საქართველოში. ეს ალბათ, მოხდება უფრო ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ“, – აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, როგორც გიორგი ზაქარაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში საქართველო პოლიტიკურ მხარდაჭერას აფიქსირებს უკრაინის მიმართ. მისივე თქმით, მჭიდრო კოორდინაციაა ქვეყნების პარლამენტებსა და საგარეო უწყებებს შორის.

„რა თქმა უნდა გრძელდება ეს ყველაფერი. პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში, საერთაშორისო არენაზე, სადაც საქართველო არათუ მხარს უჭერს უკრაინასთან დაკავშირებულ, მიღებულ ყველა რეზოლუციას ან გადაწყვეტილებას, არამედ როგორც წესი, მათი თანასპონსორიც არის. კოორდინაცია და ყურადღების მიქცევა არის ასევე სხვა ფორმატებში, მაგალითად, ორი დღის წინ გაიმართა ე.წ. რამშტაინის ფორმატი, რომელიც მიმართულია უკრაინის სამხედრო დახმარების კუთხით და იქ მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრიც. ასევე, მჭიდრო კოორდინაციაა საქართველოს პარლამენტსა და უკრაინის უმაღლეს საბჭოს შორის. ორი დღის წინ შედგა საუბარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და უკრაინის უმაღლესი საბჭოს სპიკერის პირველ მოადგილესთან. ასევე, არის ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის კოორდინაცია და ვუსმენთ ყველა უკრაინული მხარის საჭიროებას და მაქსიმალურად ვეხმარებით“, – განაცხადა ელჩმა.