გიორგი ზაქარაშვილი - უკრაინაში საქართველოს საელჩო განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, ფაქტობრივად 24 საათის განმავლობაში ვიმყოფებით საელჩოში და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ
უკრაინაში საქართველოს საელჩო განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, ფაქტობრივად 24 საათის განმავლობაში ვიმყოფებით საელჩოში და ვცდილობთ, გავაკეთოთ რაც შეიძლება მეტი, – განაცხადა უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ჩართვისას.
„ვცდილობთ, დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, ავუხსნათ, რა ვითარებაა და როგორ მოიქცნენ. თუ დარჩენა სურთ, ან წასვლა, ვცდილობთ, საჭირო საბუთების მიღებაში მაქსიმალურად დავეხმაროთ და რაც მთავარია, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. მხოლოდ საელჩოში ოთხი ცხელი ხაზი მუშაობს, არაფერს ვამბობ სამინისტროზე და ზარები მთელი დღის განმავლობაში არ წყდება. არის ბევრი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებს საბუთები ესაჭიროებათ, რასაც ჩვენ კიევში გავცემთ და ალბათ, ხვალიდან დავიწყებთ საკონსულო მომსახურებას ლვოვში, სადაც პუნქტი გაიხსნება და, სადაც ასევე შეგვეძლება მოქალაქეებისთვის საბუთების მიღებაში დახმარება“, – განაცხადა ზაქარაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ გადანაწილდა საქართველოდან გამოგზავნილი მილიონი ლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება, გიორგი ზაქარაშვილმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა კოორდინაციაში იყო უკრაინულ მხარესთან და ვინაიდან უკრაინის თავზე ფრენები არ ხორციელდება, ტვირთი პოლონეთში ჩავიდა, სადაც ის უკრაინის მხარეს გადაეცა და დანარჩენი ლოჯისტიკა მათ უზრუნველყვეს.
„ჩვენ სპეციალურად ვინტერესდებით მაგალითად, სისხლის შემთხვევაში, რომელსაც შენახვის გარკვეული ვადა აქვს და შესაბამის ადგილებზე მისი დროული მიწოდება აუცილებელია. ამიტომ, ვართ კოორდინაციაში და ზუსტად ვიცით, როდის, სად, და როგორ ხორციელდება ჩატანა, შემდეგ კი უკვე უკრაინის ტერიტორიაზე შემოტანა, რაც პრინციპში, უკრაინის მხარის კომპეტენციაა, მაგრამ ჩვენ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივდევთ და გვიწევს მჭიდრო საუბარი უკრაინულ მხარესთან. შემდეგი ტვირთებიც ზუსტად ასე იქნება გამოგზავნილი“, – განაცხადა ზაქარაშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა ვითარებაა ახლა ქვეყნის დედაქალაქში, გიორგი ზაქარაშვილმა აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან დღეს, კიევში ყველაზე მშვიდი დღე იყო.
„გუშინ ღამით იყო დაბომბვის შემთხვევები, დღეს კი, საღამომდე, ჯერ სიმშვიდეა. ქალაქი მეტ-ნაკლებად გაცოცხლდა. იმიტომ, რომ ხალხიც ვეღარ ჩერდება სახლში. მათ სურსათი ესაჭიროებათ და მარაგებიც ამოეწურათ. გაიხსნა სასურსათო მაღაზიების ნაწილი და აფთიაქები“, – განაცხადა ზაქარაშვილმა.
შეკითხვაზე, როგორ უნდა გავიგოთ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის კიევში კონსულტაციებისთვის გაწვევა, ზაქარაშვილმა აღნიშნა, რომ ამის დრამატიზება არ უნდა მოხდეს.
„უკრაინის ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს, ელჩისგან პირადად მოისმინოს, რა ვითარებაა, რა შეკითხვები აქვს მასთან პირადად და ამაში არაფერი განსაკუთრებული პრობლემა არ არის. სხვათა შორის, გუშინ მქონდა საუბარი ჩემ კოლეგასთან, რომელიც კიევში მოდის და შევთანხმდით, რომ ალბათ, მოხდება ჩვენი საუბარი, როდესაც ის ჩამოვა. მშვენიერი საუბარი გვქონდა და შესაბამისად, ჩვენ შორის არანაირი გაურკვეველი თემატიკა არ არსებობს. ასევე, კავშირზე ვარ და კოორდინაცია მაქვს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ჩამობრძანდება ბატონი დოლგოვი და ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი. ნათელი მოეფინება ყველა იმ საკითხს, რომელზეც საჭიროა საუბარი. ელჩის კონსულტაციებზე გამოძახება არ არის აუცილებლად დაკავშირებული განსაკუთრებულ პრეტენზიებთან. შეიძლება, ეს იყოს უბრალოდ, მესიჯის გადაცემა, ან მასთან გასაუბრება-მოთათბირება პირადად და არა ტელეფონით, ან სხვა საშუალებებით“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.