გიორგი ზაქარაშვილი - ბევრმა კოლეგამ, მათ შორის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, კერძო საუბარში აღნიშნა, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება მათთვის საკმაოდ გასაკვირი იყო
უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება ბევრი უკრაინელი დიპლომატისთვისაც გასაკვირი იყო და ამის შესახებ მათ პოზიცია კერძო საუბარში დააფიქსირეს.
ზაქარაშვილის თქმით, „დიპლომატიურ პრაქტიკაში მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევების გახსენება შეიძლება, როდესაც ელჩს სთხოვენ, წავიდეს კონსულტაციაზე თავის დედაქალაქში, განსაკუთრებით ასეთი თითიდან გამოწოვილი მოთხოვნით“.
„ჩემი აზრით, მათთვისაც მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. ისინიც საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან, შესაბამისად, თავიანთი პრეზიდენტის გადაწყვეტილება უნდა აღასრულონ. ამიტომ დააფიქსირეს პოზიცია, რომლის დაფიქსირებაც პრეზიდენტმა დაავალა, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრმა კოლეგამ, მათ შორის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, კერძო საუბარში აღნიშნა, რომ მათთვის ეს საკმაოდ გასაკვირი იყო“, – განაცხადა ზაქარაშვილმა გადაცემაში „იმედი ლაივი“.
უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინა დატოვა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მისთვის მიცემული 48 საათი 6 ივლისს ამოიწურა. კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა თბილისში კონსულტაციები გამართოს მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე. ზელენსკის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, „უკრაინის გადაწყვეტილება გაუგებარი და საფუძველს მოკლებულია, მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ“.