გიორგი წოწკოლაურმა თურქ კოლეგასთან ფარმაცევტული პროდუქციის დაბალ ფასში მოწოდების საკითხი განიხილა
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს (USHAŞ) მხარდაჭერით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილეს თოლგა თოლუნაის შეხვდა. შეხვედრა ანკარაში გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის მიზანი 2020 წლის 8 დეკემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს (USHAŞ) შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმია.
„მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში ორმხრივად შეთანხმებული პროექტების განხორციელებასა და ონკოლოგიური პაციენტებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მიღებაზე ისაუბრეს. განიხილეს სამედიცინო ტურიზმისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები, ასევე სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროებში სიახლეების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც რეფორმების კუთხით გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფს.
შეხვედრაზე, თურქულმა მხარემ საქართველოში, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოხატა. კერძოდ, საუბარი შეეხო ფარმაცევტული პროდუქციის მნიშვნელოვნად დაბალ ფასში მოწოდებას.
მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზეც, რომ ორი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს შორის სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღება“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, როგორც საქართველოში, ისე თურქეთში, მოხდება სამედიცინო ტრენინგების ჩატარება, რაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარებას კიდევ უფრო გაზრდის.
შეხვედრას საქართველოს მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ხარძიანი და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე ესწრებოდნენ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური თურქეთის ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის წარმოების ასოციაციის თავმჯდომარე თოლგა ქარაქანს და თურქეთის „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) გენერალურ დირექტორს მეჰმეთ ალი ქილიჩქაიას შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა სამედიცინო ტურიზმისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.
გიორგი წოწკოლაურმა სტამბოლის ბაშაქშეჰირის საავადმყოფოც მოინახულა.
როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ჯანდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა წარმატებულად შეაფასეს.