გიორგი წოწკოლაური - სოციალურ აგენტებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე გარეშე პირის დასწრება არ იყო რეკომენდებული
სოციალურ აგენტებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე გარეშე პირის დასწრება არ იყო რეკომენდებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გიორგი წოწკოლაური გამოეხმაურა სამინისტროსთან სოციალური აგენტების გამართულ აქციას, სადაც ისინი ჯანდაცვის უწყებაში შექმნილ სამუშაო ჯგუფში მათი წარმომადგენლის, იურისტის ჩართულობას მოითხოვდნენ.
„ჩვენ შევხვდით სოციალურ აგენტებს. ეს იყო სამსახურეობრივი შეხვედრა, რომელზეც ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ვყოფილიყავით თანამშრომლები. სამსახურეობრივი შეხვედრა იყო, რომელზეც, რა თქმა უნდა, გარეშე პირის დასწრება არ იყო რეკომენდებული. სოციალურ აგენტებთან შეთანხმება პირველი ივლისიდან შევა ძალაში. ეს იქნება მათთვის მნიშვნელოვანი, ფიქსირებულ ხელფასს 100 ლარი დაემატება. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს პროცესი არის ანგაჟირებული. მე პირადად მაქვს ძალიან ხშირი და აქტიური კომუნიკაცია როგორც რეგიონში, ასევე თბილისშიც მომუშავე სოციალურ აგენტებთან. არ არის აქ საუბარი ერთიან მიდგომაზე, ჩვენ მათთან ვმუშაობთ, ვსაუბრობთ და ყველაფერი იქნება ისე, როგორც უნდა იყოს. ის მოთხოვნები, რაც ჰქონდათ სოციალურ აგენტებს, ხელფასის ზრდა, ამ ეტაპზე გაკეთდა ამ ბიუჯეტის ფარგლებში. ასევე, გადაწყვეტილება მივიღეთ კონტრაქტებზე და უახლოეს მომავალში მათი კონრაქტები იქნება ხანგრძლივი. ჩვენ არ ვართ შესულნი სოციალურ აგენტებთან იურიდიულ დავაში. შესაბამისად, ნებისმიერ იურისტს შეუძლია მათ მიმართონ საკონსულტაციოდ, მაგრამ სამსახურის შიგნით რაც კეთდება, თანაც მუშა ჯგუფში, გამორიცხულია სხვა სუბიექტის ჩართვა“, – განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.
ჯანდაცვის სამინისტროსთან სოციალურმა აგენტებმა დღეს აქცია გამართეს.