გიორგი ვაშაძემ სოფელ შუქრუთში არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოები პარლამენტში, სამუშაო კაბინეტის წინ გამოფინა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოები პარლამენტში, საკუთარი სამუშაო კაბინეტის წინ გამოფინა.
ფოტოებზე აღბეჭდილია ეკოლოგიური პრობლემები, რომლის წინაშეც სოფელი შუქრუთია და თავად მოშიმშილე შუქრუთელები.
ვაშაძის თქმით, ხალხი 30 დღეზე მეტია, შიმშილობს და მათთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ ჩასულან.
„მათ არ შეხვედრია არც კომპანიის გაკოტრების მმართველი, რომელიც ხელისუფლების მიერ დანიშნული პირია. რაკი „ქართული ოცნება“ ამ ხალხთან არ მიდის და არ ინტერესდება, რაზე აქვთ მათ პრეტენზია და რატომ შიმშილობენ, პარლამენტში წარმოვადგენ ფოტოებს, რათა აქ მაინც ნახონ ის ეკოლოგიური კატასტროფა, რასაც შუქრუთში აქვს ადგილი“, – აღნიშნა ვაშაძემ.