გიორგი ვაშაძემ „ქართულ ოცნებას“ მიმართა, „ხალხის ძალის“ კანონპროექტი ერთ საათში გაიწვიოს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ქართულ ოცნებას“ მიმართა, „ხალხის ძალის“ კანონპროექტი ერთ საათში გაიწვიოს. ამასთან, მისივე თქმით, უნდა გათავისუფლდნენ გუშინ აქციაზე დაკავებული ადამიანები.
„საერთო ოპოზიციური სახელით, დღეს გაგაცნობთ გარკვეულ საკითხებს, რომელიც ასევე სამოქალაქო სექტორთან, ყველა ჯგუფთან არის შეთანხმებული, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები და მოთხოვნები იქნება ჩვენი მხრიდან. მოთხოვნა შედგება ორი საკითხისგან: პირველი, დაუყოვნებლივ გაიხმოს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტიდან რუსული კანონი; მეორე – ყველა დაპატიმრებული, რომელიც გუშინ უკანონოდ დააპატიმრეს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ჩვენი ეს ხელები ჩვენი ერთიანობისა და ერთ მუშტად შეკვრის ის ნათელი გზაა, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს.
ზუსტად ერთი საათი ველოდებით ამ რუსეთის ინტერესების გამტარებლებს, რომ გააკეთონ განცხადება, გაიხმონ კანონი პარლამენტიდან და გაათავისუფლონ გუშინ დაკავებული ადამიანები. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გადავალთ შემდგომ ნაბიჯებზე. რა ნაბიჯი იქნება – ერთ საათში, ვიდრე ველოდებით და შემდეგ აქედან მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, გონს მოეგე და დათანხმდი ხალხის ნებას. დაუყოვნებლივ გაიწვიეთ ეს რუსული კანონი პარლამენტიდან და ერთ საათში თუ არ მივიღებთ პასუხს, მაშინ გამოვაცხადებთ კონკრეტულ ნაბიჯს, რომელიც უნდა გადავდგათ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.