გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი“ დააფუძნეს
„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა ახალი პლატფორმა, სახელწოდებით „სტრატეგია აღმაშენებელი“ შექმნეს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაც იქნება „სტრატეგია აღმაშენებელი“. პლატფორმა შედგება სამი სუბიექტისგან – „ახალი საქართველო“, „კანონი და სამართალი“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ის ექსპერტები, რომლებთან ერთადაც ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების გეგმა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
როგორ გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, გაერთიანების მიზანია, დამარცხდეს უმუშევრობა, სიღარიბე, დაბრუნდნენ ემიგრანტები საქართველოში.
„ამ გაერთიანების შესახებ 30 ივლისს გესაუბრებით, სადაც წარვადგენთ ჩვენს საარჩევნო პროგრამას, ახალი თაობის პროფესიონალებს, რომლებიც ჩვენს გუნდს შემოუერთდებიან. არჩევანი მარტივია – აღმშენებლობა თუ დამსხვრეული ოცნებების პარტია. ეს არის არჩევანი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს“, – განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძემ წარადგინა გაერთიანების ლოგო და სლოგანი.
„ლოგო, წარწერით „სტრატეგია აღმაშენებელი“ – თეთრი ფერი – ეს არის სისუფთავის, სიწმინდის, პატიოსნების სიმბოლო, წითელი ფერი – ეს არის ბრძოლის, გამარჯვების სიმბოლო, ქართული ეროვნული ფერი, რომლითაც უნდა იყოთ ამაყი და ყველამ უნდა ვიბრძოლოთ; ჯვრები – ეს არის ისტორიულად საქართველოს სიმბოლო და ქრისტიანული საზოგადოების სიმბოლო. სტრატეგია ის არის, რაც სჭირდება ქვეყანას განვითარებისთვის; აღმშენებლობა – ეს არის იდეა, რომელიც დაამარცხებს დამსხვრეული ოცნებების პარტიას“, – განაცხადა ვაშაძემ.