გიორგი ვაშაძე - ყველას გთხოვთ, შევიკრიბოთ პარლამენტთან დღეს, ვაჩვენოთ, რაშია ხალხის რეალური ძალა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა სურდათ, თუმცა მათ ამის საშუალება დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა არ მისცეს.
„ეს არის რუსული კანონი, რომელსაც ხედავთ, როგორი გავეშებული იცავს „ქართული ოცნება“. კომიტეტზე რაც ახლა ხდება, სრულიად უკანონოა. თავიდან ბოლომდე შეკრულია უმრავლესობის ყველა წევრი, რათა რუსული ინტერესები გაატარონ ქვეყანაში. გვინდოდა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, რათა მას შეეწყვიტა უკანონო პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ხედავთ, რომ ეს ლაჩრები, მხდალები, ნაძირლები, რუსეთის ინტერესის გამტარებლები, არაფრის მაქნისი პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა დოქსოპულო პოლიციელების ზურგს უკან არის მიმალული, სიტყვასაც არ ამბობს ამ დროს, როცა ეს ხდება პარლამენტში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, გიორგი ვაშაძემ დღეს 18:00 საათისთვის პარლამენტის შენობის წინ აქცია დააანონსა და მოქალაქეებს მისვლისკენ მოუწოდა.
„ყველას გთხოვთ, შევიკრიბოთ პარლამენტთან. ორშაბათსაც არის კომიტეტის სხდომა, შემდეგ არის სესიები. ამიტომ ხალხის ძალა არის მთავარი და გადამწყვეტი. შევიკრიბოთ დღეს, 18:00 საათზე. მანამდე ვისაც შეგიძლიათ, ჩვენ აქ ვართ. 18:00 საათიდან ყველამ დავიწყოთ შეკრება, რათა ვაჩვენოთ, რაშია ხალხის ძალა, რაშია ხალხის რეალური ძალა, რომ ჩვენ არასდროს არ გავხდებით რუსეთის მონები. სოზარისტები რუსეთის მონები გახდნენ, ბიძინისტებიც რუსეთის მონები გახდნენ. იგივეა პაპუაშვილი, კობახიძე, მაგრამ ამ ადამიანებს პასუხი უნდა ვაგებინოთ, რადგან სამშობლო გვიხმობს. ამიტომ ყველას გელოდებით პარლამენტთან 18:00 საათზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.