გიორგი ვაშაძე - ყველაფერს აკეთებენ მოდერატორები, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციების დაახლოება მოხდეს
განვიხილეთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები და ასევე, საპარლამენტო არჩევნების და თვითმმართველობის არჩევნების სისტემა, თუმცა იქაც არ არის შეთანხმებული ეს საკითხები ბოლომდე, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ მოდერატორები, რომ პოზიციების დაახლოება მოხდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია, რომ მოლაპარაკების პროცესი გრძელდება.
„მთავარია, პროცესი მიდის, არ ვიცი სადამდე მოგვიყვანს ეს პროცესი, თუმცა ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მზად ვართ, ბოლომდე მივიღოთ მონაწილეობა. რაც შეეხება პარლამენტში შესვლას, იმ უტიფარ სპეკულაციებს რომელიც დღეს დაიწყეს ვუპასუხებ, რომ პარლამენტში შესვლას შეთანხმების გარეშე არ აპირებს „სტრატეგია აღმაშენებელი“, არც განვიხილავ და პირველივე დღიდან ამას ვამბობთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს იყო ძალიან ბინძური თავდასხმა ჩვენზე, ძალიან ვწუხვარ, რომ ეს თავდასხმა იყო გაკეთებული „მთავარი არხის“ მხრიდან. ჩვენ გადაწყვეტილებას ყოველთვის მივიღებთ იქიდან გამომდინარე, რაც ამ ქვეყანას სჭირდება, აქედან გამომდინარე, სანამ შეთანხმება არ არის არაფერს არ ვიხილავ და მგონი, კარგად უნდა გაიგოთ თქვენც და სხვამაც“,- განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
„ვნახოთ, შევხედოთ, იმედი მაქვს რომ იქნება შეთანხმება, თუ არ იქნება შეთანხმება, არ იქნება შეთანხმება, რა ვუყოთ. არის საუბარი, როგორც საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე, ასევე თვითმმართველობის საარჩევნო სისტემაზე, ასევე საარჩევნო რეფორმებზე, ამაზე მე პირადად გუშინ არ მისაუბრია, რადგან არ მქონდა ამაზე საუბრის უფლება. დღეს პირდაპირ გეუბნებით რა საკითხებზე ვსაუბრობთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არ არის“, – განაცხადა ვაშაძემ.