გიორგი ვაშაძე - ვინც რაზე შეთანხმდება, საკუთარ სიტყვაზე პასუხი უნდა აგოს, სიტყვისკაცობა პოლიტიკაშიც გადამწყვეტია
ვფიქრობ, უნდა ჩამოყალიბდეს პროდასავლური კოალიცია იმ პარტიებისგან, რომლებიც დღეს არიან გაერთიანებაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, „ქართულ ოცნებასთან“ არანაირ კოალიციას არ განიხილავენ.
რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემუშავებულ მემორანდუმს, ვაშაძე ამბობს, რომ შეთანხმება არ უნდა დაირღვეს, რათა ამით „ქართულმა ოცნებამ“ არ ისარგებლოს.
„ჩვენი გუნდი იცით ვისაც წარადგენს პრემიერობის კანდიდატად. მე პირადად, ყოველთვის ვარ ჩემი სიტყვის და ჩემ მიერ გაფორმებული შეთანხმების ერთგული. ამავეს მოვითხოვ ყველა სხვა ოპოზიციური პარტიისგან. როდესაც ვაფორმებთ შეთანხმებას, ვაფორმებთ, რათა ეს შეთანხმება არ დაირღვეს, რომ შემდეგ ამით არ ისარგებლოს დამსხვრეული ოცნებების პარტიამ. აქედან გამომდინარე, ყველამ, ვინც რაზე შეთანხმდება, საკუთარ სიტყვაზე პასუხი უნდა აგოს. სიტყვისკაცობა პოლიტიკაშიც არის გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ქართულ ოცნებასთან“ არანაირ კოალიციას არ განვიხილავთ. „ქართული ოცნების“ რეიტინგი ძალიან სწრაფად ეცემა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის თქმით, მხარს უჭერს ხელისუფლების ცვლილებას და ახალი მთავრობის ფორმირებას.
„ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ ოპოზიციის კოორდინირებული ქმედებების პირობებში, რომ „ქართული ოცნება“ მშვიდობიანად, წყნარად გადავიდეს ოპოზიციაში“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
გაერთიანებულო ოპოზიცია „თბილისი მარიოტში“ შეხვედრას მართავს, სადაც არჩევნებთან დაკავშირებით, მათ მიერ შემუშავებულ მემორანდუმს უნდა მოაწერონ ხელი. მემორანდუმში საუბარია, თუ როგორ უნდა დაიცვას ოპოზიციამ ამომრჩეველთა ხმები არჩევნებზე.