გიორგი ვაშაძე - სწორია კომპლექსური ნაბიჯების გეგმა, დღეს ერთი ნაბიჯი გადავდგი და შემდეგ არ ვიცი, მეორე რა ნაბიჯი გადავდგა - პოლიტიკოსები ინფანტილური პატარა ბავშვები არ უნდა იყვნენ
აბსურდში არ უნდა შევიდეთ ხოლმე. პროცესი ყველაზე რადიკალური ქმედებებით კი არ უნდა დაიწყო, რადიკალური ქმედებით უნდა დაამთავრო. ამიტომ, სტრატეგიაში ყოველთვის აცდენა ხდება, როცა ყველაზე დიდ ნაბიჯს დგამ და მეორე დღეს იმაზე უფრო დიდი ნაბიჯი გადასადგმელი აღარ გაქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება კითხვას, „გაკრიტიკებენ პარლამენტში ყოფნის გამო, რომ არაფერს აკეთებთ“, – ვაშაძე პასუხობს: „ვინ გაგვაკრიტიკა? ზურაბ ჯაფარიძემ ამერიკა მოიაროს, ჩამოვიდეს ერთი და გვითხრას, თავად რას აპირებს, როცა პარლამენტი დატოვებული აქვს“. გიორგი ვაშაძის თქმით, კრიტიკას ვერ მიიღებს, რადგან პარლამენტში თუ ვინმე მუშაობს, ეს „სტრატეგია აღმაშენებელია“.
ვაშაძე განმარტავს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ კომპლექსური სტრატეგიის მომხრეა.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთნაბიჯოვანი სტრატეგიის მომხრე არ არის. სტრატეგია და აღმაშენებელი იმიტომ გვქვია, რომ ვართ კომპლექსური სტრატეგიის მომხრე. შესაბამისად, ჩვენს კომპლექსურ ხედვასა და სტრატეგიაში ნაბიჯების ბევრი კომპოზიცია არსებობს, რომელიც ჩამოწერილი გვაქვს და ვფიქრობთ. მისი ნაწილი იქნება როგორც პარლამენტი, აქციები, რეგიონები, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობა და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ქართველი ხალხის დიდი გამარჯვებით დაგვირგვინდება. სწორედ ერთნაბიჯოვანი და არაშორსმჭვრეტელი, გაუთვლელი ნაბიჯებიდან გამომდინარე, რაც იდგმებოდა ხოლმე, ის ფრუსტრაციაა, რაზეც თქვენ საუბრობთ. დღეს ის კი არ უნდა ვთქვათ, რომ თავისუფლებაზე 50 ათასი კაცი ვიქნებით, ეს არის შეცდომა – სწორია კომპლექსური ნაბიჯების გეგმა. ხვალ ვიღაც ამერიკიდან ჩამოდის, ზეგ ევროპიდან, მაზეგ ჩხოროწყუში უნდა ჩახვიდე, ასე უნდა იმუშაო და არა ის, რომ დღეს ერთი ნაბიჯი გადავდგი და მერე არ ვიცი, მეორე ნაბიჯი რა გადავდგა – პოლიტიკოსები ინფანტილური პატარა ბავშვები არ უნდა იყვნენ. კრიტიკას ვერ მივიღებ, რადგან პარლამენტში თუ ვინმე მუშაობს, „სტრატეგია აღმაშენებელია“. „ქართული ოცნება“ რომ გააშიშვლო, ერთადერთი პლატფორმა პარლამენტია. გეკითხებით, მნიშვნელოვანია თუ არა ჩამოვხსნათ ფარდა „ქართულ ოცნებას“, რომ ეჭვებიდან პასუხები ყველაფერს გაეცეს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.