გიორგი ვაშაძე - ვაგრძელებთ მშვიდობიან, არაძალადობრივ პროტესტს, ეს არის სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც ქვეყანაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ
„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია აგრძელებს მშვიდობიან, არაძალადობრივ პროტესტს, რაც სრულიად ახალი სტანდარტია.
„გუშინ მიხეილ სააკაშვილიც აცხადებდა, დაეთანხმა იმ ჩვენს არაძალადობრივ, მშვიდობიან პროტესტს და ძალიან კარგი, სწორი განცხადება იყო მისი მხრიდან. ყველა სიტყვაში და წინადადებაში გამოკიდება, ეს არის „ქართული ოცნების“ სტანდარტი, წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ასეა „ქართული ოცნები“ საქმე. ჩემი პოზიციაა, რომ ჩვენ მშვიდობიან, არაძალადობრივ პროტესტს ვაგრძელებთ, ეს არის სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ქვეყანაში, რომელსაც წინააღმდეგობას ვეღარ უწევს „ქართული ოცნება“, გარდა, აი, ამ აგრესიული ქმედებებისა. ისიც რამდენიმე ადამიანია ამ აგრესიულ ქმედებებში ჩართული. დაალევინებენ საჯარო მოხელეებს, შემდეგ ოფისებს არბევენ და ასე შემდეგ“ ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ ხელმძღვანელ ნიკა გვარამიას პოსტს, სადაც „დამხობა“ იყო ნახსენები, ვაშაძე ამბობს, რომ მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინ რა სიტყვას გამოიყენებს.
„დანარჩენი, ვინ რას ამბობს და ვინ რომელი სიტყვა გამოიყენა კონკრეტულ ფეისბუქ პოსტში, თუ სადღაც, ეს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. ძალიან კარგად მაქვს წარმოდგენილი მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტის შინაარსი, გეგმა, სტრატეგია, რომლითაც ჩვენ მივდივართ. ის, რომ სწორ გზაზე მივდივართ, ამას ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები, დიპლომატიური კორპუსის განწყობები, საზოგადოების განწყობა, „ქართული ოცნების“ არაადეკვატური ქმედებები, ამას ყველაფერი ადასტურებს. დანარჩენი ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინ რა ფრაზას გამოიყენებს და რა სიტყვას გამოიყენებს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ, ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად უნდა დავამხოთ“.