გიორგი ვაშაძე - უნდა გასამართლდნენ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, რომლებმაც უმუშევარი დატოვეს ქართველი ხალხი, დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიიყვანეს ქვეყანა
ვფიქრობ, მთავარი, ვინც უნდა გასამართლდეს, არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, რომლებმაც უმუშევარი დატოვეს ქართველი ხალხი, საქართველოდან გააქციეს ასობით ათასი ადამიანი და დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიიყვანეს ქვეყანა, რადგან შობადობა უკიდურესად მძიმეა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, დღეს საზოგადოება ამ ყველაფერზეა შეშფოთებული და არა იმ ცრუ დილემებზე, რომლებსაც „ქართული ოცნების“ სხვადასხვა საცეცი ავრცელებს.
გიორგი ვაშაძემ კომენტარი გააკეთა მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც აერთიანებს პარტია „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, ვაშაძისა და გახარიას პარტიებს, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, „დროას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“, უნდა გასამართლდეს“.
„ვსვამ კითხვას – უნდა აგონ თუ არა პასუხი გაზულუქებულმა, კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა, რომლებმაც მიიტაცეს მილიარდები და რის გამოც ადამიანები უმუშევრად დარჩნენ დღეს საქართველოში, ასობით ათასი ადამიანი ქვეყნიდან გადასახლდა, გაიხიზნა სხვა ქვეყანაში. ეს კითხვა დაუსვით, თუ შეიძლება, ამ წერილის ოფიციალურ გამომქვეყნებლებსაც და მის რეალურ ავტორებსაც. ვინ აგებს პასუხს შიმშილზე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში? ვინ აგებს პასუხს დღეს უმუშევრობაზე, არის თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილის პერსონალური პასუხისმგებლობა? ამ ადამიანებს, მინდა, ვუთხრა, ბიძინა ივანიშვილის პერსონალური ქონების მცველებად რომ გადაიქცნენ, საქართველოს მოქალაქემ, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესი უნდა დაიცვას და არა – ერთი კონკრეტული ადამიანის ინტერესი. მაინტერესებს, რომელმა გლობალურმა ძალამ აიძულა ბიძინა ივანიშვილი, ასეთი კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობა იყოს ქვეყანაში? რომელმა გლობალურმა ძალამ აიძულა, რომ ასობით ათასი ადამიანი გაეხიზნა საქართველოდან და დემოგრაფიული კატასტროფა არის დღეს ქვეყანაში? ამაზე დავსვათ კითხვა და არა რაღაც სისულელეებზე და ცრუ დილემებზე, რომლებსაც, კიდევ ერთხელ ვამბობ, ბიძინა ივანიშვილის ქონების მცველები წარმოგვიდგენენ ხოლმე საკუთარი კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.