გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა და გრიგოლ ვაშაძე ბერლინში შეხვედრებს გამართავენ
„გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლები ვიზიტით ბერლინში გაემგზავრნენ. ისინი ორი დღის განმავლობაში ბუნდესტაგსა და ადენაუერის ფონდში შეხვედრებს გამართავენ.
როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრებამდე „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო, ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხები იქნება.
გიორგი ვაშაძე ბერლინში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავასთან ერთად გაემგზავრა.
მისი თქმით, დაგეგმილ შეხვედრებში მასთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, რომელიც მათ ბერლინში დახვდება.
„სამი ძირითად საკითხზე გვექნება საუბარი: პირველი ეს არის საქართველოში შექმნილი ვითარება, დემოკრატიის ის სამწუხარო ხარისხი, რაც ქვეყანაშია და ევროკავშირის და განსაკუთრებით გერმანიის, როგორც ევროპის ლიდერი სახელმწიფოს როლი საქართველოს მხარდაჭერაში შემდგომი დემოკრატიული განვითარების კუთხით; მეორე საკითხი რეგიონის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება, თუ რა როლი შეიძლება ითამაშოს გერმანიამ საქართველოს ეკონომიკური მხარდაჭერის კუთხით, რადგან უკიდურესი გაჭირვებაა ქვეყანაში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეგობარ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა; მესამე თემა კი იქნება მმართველი პარტიის ლიდერებთან შეხვედრა, რომლებთანაც ვისაუბრებთ პოლიტიკურ თანამშრომლობასა და მათ მხარდაჭერაზე პოლიტიკური პარტიების განვითარების კუთხით საქართველოში, ასევე, ჩვენი – „გაერთიანებული ოპოზიციის“ მხარდაჭერის კუთხით და კონკრეტულად შევთანხმდებით გარკვეულ ე.წ. გაცვლით პროგრამაზე, თუ როგორ შეიძლება ავამაღლოთ ჩვენი, როგორც პოლიტიკური კოალიციის სამუშაო პროცესი. ძალიან საინტერესო შეხვედრები გვექნება გერმანიის პარლამენტის წარმომადგენლებთან, ლიდერებთან. ეს გაგრძელდება ორი დღის განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.