გიორგი ვაშაძე - სულ უფრო მეტნი იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამხელენ დანაშაულებრივ რეჟიმს, ამხილეთ, ყველას გვერდში დაგიდგებით, იმედი მაქვს, გოგაშვილი უკან არ დაიხევს
ყველამ კარგად ვიცით, სოსო გოგაშვილი ვინ იყო და როგორ ემსახურებოდა ამ სისტემას, მაგრამ სულ უფრო მეტნი იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამხელენ დანაშაულებრივ, ოლიგარქიულ რეჟიმს, რომელიც დღეს საქართველოშია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, იმედი აქვს, გოგაშვილი უკან არ დაიხევს. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ არ გამორიცხავს, უკან დახევის მიზნით, გოგაშვილის მიმართ განხორციელდეს ფიზიკური ძალადობა.
„ეს არის დანაშაულებრივი სისტემის რღვევის პროცესი. ყველამ კარგად ვიცით, სოსო გოგაშვილი ვინ იყო და როგორ ემსახურებოდა ამ სისტემას, მაგრამ სულ უფრო მეტნი და მეტნი იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამხელენ დანაშაულებრივ, ოლიგარქიულ რეჟიმს, პუტინის მომსახურე რეჟიმს, რომელიც დღეს საქართველოშია. ამხილეთ ეს დანაშაულებრივი სისტემა, ყველას გვერდში დაგიდგებით, ყველასთან მივალთ, დაგვიკავშირდით და ერთად ვამხილოთ, რომ ეს დანაშაულებრივი რეჟიმი რაც შეიძლება მალე ჩამოვაშიროთ საქართველოს განვითარებას.
გოგაშვილი ახლა დაიჭირეს, რადგან ეშინიათ მხილების. იმედი მაქვს, გოგაშვილი რასაც აცხადებს, უკან არ დაიხევს. არ გამოვრიცხავ, მასზე იყოს ფიზიკური ძალადობაც, რომ უკან დაიხიოს, არ გამოაქვეყნოს ის მტკიცებულებები, რასაც ამომბს. მოვუწოდებ გოგაშვილს, გამოაქვეყნოს მტკიცებულებები. ეს რაღაც კუთხით მაინც შეამსუბუქებს იმ დანაშაულში მონაწილეობას, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან. როცა ადამიანი ამხელ და აღიარებ, რომ დანაშაულში შენც ჩაგრთეს, შენც იყავი მონაწილე, ეს სისხლის სამართლის კოდექსითაც კი ითვალისწინებს შეღავათებს. ნუ შეეშინდება და მტკიცებულებები გამოაქვეყნოს. ის ოლიგარქიული რეჟიმის პატიმარია, რათა გადაწყვიტა მხილება იმ რეჟიმის და წარმოდგენა გაყალბებული არჩევნების მტკიცებულებების, რომელზეც ამდენი ხანი „ქართული იცნება“ იძახდა, რომ მკიცებულება არ არის. პოლიტიკური პატიმარია თუ არა, ამას ჩვენ გავარკვევთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.