გიორგი ვაშაძე - სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოვუწოდებ, კარგად დავფიქრდეთ, ერთიანი უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენი გზა ავირჩიოთ, რომ არ ვიყოთ მძევალი
საერთო ოპოზიციურ ფორმატში ვმონაწილეობთ, მე სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოვუწოდებ, კარგად დავფიქრდეთ, რა თქმა უნდა აქ ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი გზა უნდა ავირჩიოთ რომ არ ვიყოთ მძევალი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს.
„სამწუხაროდ, ისევ და ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით. სწორედ იმ ძალებმა, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, მათ შორის ბატონ ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა, წინასაარჩევნოდ დაარღვიეს საერთო ოპოზიციური შეთანხმებები. სწორედ მისი უშუალო მონაწილეობით დამიყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის. ჩემი და ჩვენი გუნდის ამოცანაა, რომ მოსახლეობის ის 30 პროცენტი, რომელმაც თუნდაც ამ არჩევნებზე არც „ნაცებს“ და არც „ქოცებს“ ხმა არ მისცა, გავაერთიანოთ იმისათვის, რომ ამ მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ. არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ სხვის რიტორიკაზე, ამ ბინძურ ქმედებებზე აყოლას და ყველას ვეუბნები, რომ თავი შეიკავეთ ამ სიბინძურისგან და თავდასხმისგან. ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს მართლაც განსხვავდება. მე მინდა. ივანიშვილი და მისი ხელისუფლება მოვაშთო ამ ქვეყნიდან ,თქვენ გინდათ, მთელი ცხოვრება იყოთ ოპოზიციაში მუდმივად პირველები. ამიტომ შევდივარ ამ შეხვედრაზე, რომ შედგეს საერთო შეთანხმება, რომლითაც ფუნდამენტს ჩავუყრით ივანიშვილის მოშთობას ამ ქვეყნიდან. ჩვენს პარტიაში ყველა ამ აზრზეა“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, „სწორედ ასეთ პროცესებს შეაქვს ოპოზიციაში განხეთქილება“.
„თუ პაატა მანჯგალაძის განცხადებაზე საუბრობთ, მან ერთადერთი რამ თქვა-მე ვენდობი ჩემს ლიდერს, რომელიც არის წარმოდგენილი ამ მოლაპარაკებებზეო. მგონი, აბსოლუტურად სწორი განცხადებაა პაატა მანჯგალაძის, რომელიც არის ღირსეული ქართველი და ასეთი თავდასხმებით, ასეთი ვითომ ინფოებით მართულ ბინძურ კამპანიას, ჩვენ ყოველთვის დავუპირისპირდებით. რაც შეეხება საერთო ოპოზიციაში განხეთქილების შეტანას, სწორედ ასეთ პროცესებს შეაქვს განხეთქილება. ერთიანი სახით მივდივართ დღეს შეთანხმებაზე და იმედი მაქვს, რომ ყველა ამ ბინძური თავდასხმებისგან თავს შეიკავებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა საკითხზე შევთანხმდებით ან ყველა ერთად, ან ვერ შევთანხმდებით. მორჩა და დამთავრდა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ-დიახ, ჩემი ამოცანა არის არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქოციონალური მოძრაობა“, არამედ 30 პროცენტიანი, დიდი მონოლითი, რომელიც ამ მოჯადოებული წრიდან გამოიყვანს პროცესს“, – განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ბნელ მხარეს არიან ის ადამიანები, რომლებსაც თავისი თავის ოპოზიციონერობა უნდათ და არა გამარჯვება“.
„მიზანი ამ თავდასხმის არის ოპოზიციურ ფლანგზე, ნებისმიერ ლიდერს, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს დამოუკიდებელი განრიგი, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს კონსოლიდაციაში, ტალახი ესროლონ. ისევე, როგორც ეს იყო წინასაარჩევნოდ და მე შეგახსენებთ, სწორედ ამ ადამიანების მიერ, „მთავარი არხის“ მიერ გაკეთებულ სოუჟეტს სიუჟეტზე, ვითომ როგორ ვეკვრებოდით ვიღაცეებს და როგორ ბნელ მხარეს გადავდიოდით. ბნელ მხარეს არიან ის ადამიანები, რომლებსაც თავისი თავის ოპოზიციონერობა უნდათ და არა გამარჯვება ამ ქვეყანაში. „მთავარმა არხმა“ ისე გააკეთა სიუჟეტი, არც დაურეკავთ, ნიკა გვარამიას ჩემი ტელეფონი აქვს და შეუძლია, რომ დამირეკოს. გააკეთეთ სიუჟეტი, რომ ვითომ ჩვენ ვაპირებთ რაღაცა ძირგამომთხრელ საქმიანობას ოპოზიციასთან მიმართებით, ამას არ ვაპირებთ. საერთო ოპოზიციურ ფორმატში ვიღებთ მონაწილეობას, მე სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოვუწოდებ, კარგად დავფიქრდეთ, რა თქმა უნდა აქ ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი გზა უნდა ავირჩიოთ იმისთვის, რომ არ ვიყოთ მძევალი. ჩემთვის პრინციპულია კონსოლიდაცია იმ 30 პროცენტი ადამიანებისა, ვინც ამ არჩევნებში გამოჩნდა. ჩემი შეცდომა თუ რამეა, არის ის, რომ იმ აღვირახსნილ კრიტიკას, რაც წინასაარჩევნოდ იყო არ ვუპირისპირდებოდი ისე, როგორც საჭირო იყო. მეგონა, რომ ხალხი ბრძენია და ამას ყველაფერს პასუხს გასცემს. ჩვენ ჩვენი განრიგი გვაქვს და ყველა თავდასხმას ამიერიდან ვუპასუხებთ. ვინც ეს განცხადებები გააკეთა და ფეისბუკზე ივაჟკაცა, მან უნდა იცოდეს, რომ პროცესებს აზიანებს“, – განაცხადა ვაშაძემ.