გიორგი ვაშაძე - დაკავებული პირი ჩვენი პარტიის წევრი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დავიცავთ თითოეულ მოქალაქეს, ვისზეც უნდა ხელის შეწმენდა „ქართულ ოცნებას“, აუცილებლად გვერდში დავუდგებით
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით გუშინ დაკავებული პირის შესახებ აცხადებს, რომ ის მისი პარტიის წევრი არ არის.
ამავდროულად, ვაშაძე ამბობს, რომ დაიცავენ და გვერდში დაუდგებიან თითოეულ მოქალაქეს, ვისზეც „ქართულ ოცნებას“ ხელის შეწმენდა სურს.
„ძალადობაზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება „ქართულ ოცნებას“ და იმ სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც პოლიტიკური დავალებით თავს დაესხნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს და მომიტინგეებს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ჩვენ აუცილებლად დავუკავშირდებით ოჯახსაც. პირველი – ჩვენი პარტიის წევრი არ არის ეს ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავიცავთ თითოეულ მოქალაქეს, ვისზეც უნდა ხელის შეწმენდა „ქართულ ოცნებას“, ამის შესაძლებლობას არ მივცემთ. აუცილებლად გვერდში დავუდგებით“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, გიორგი ვაშაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა: „სჯობს, ბოლშევიზმზე თავის თავზე ილაპარაკოს, რადგან ბოლშევიზმი მოდიოდა მოსკოვიდან, ისევე როგორც მოსკოვიდან მოდის დავალებები, რომლებსაც ასრულებენ კობახიძე და მისი თანაგუნდელები“.
ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ „ბოლშევიკური „ტროიკა“, ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობა არის აგენტების ერთობლიობა, გუშინ დაკავებული პირი მოქმედებდა კონკრეტული ინტერესით, რომ მათი დაფინანსება არ ყოფილიყო გამჭვირვალე“.