გიორგი ვაშაძე - სენატორი კუნსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სენატორ კრის კუნსს შეხვდნენ. გიორგი ვაშაძის თქმით, სენატორი კუნსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას.
„შევხვდით სენატორ კრის კუნსს, რომელთანაც ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა. სენატორი კუნსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას და აღნიშნავს, რომ სენატში არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსთან მიმართებაში, როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების მხრიდან.
ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, ახალ ნიშნულზე ავა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სწრაფად დაიწყება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს და აშშ-ს შორის უვიზო მიმოსვლასთან, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, მრავალმილიარდიანი ამერიკული ინვესტიციები შემოვა საქართველოში და შეიქმნება ძალიან ბევრი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი“, – აღნიშნა ვაშაძემ.