გიორგი ვაშაძე - საქმე გვაქვს იმიტირებულ ქოლცენტრთან, სპეცოპერაცია თავიდან ბოლომდე სპეცსამსახურებმა და სუს-მა დაგეგმეს
გიორგი ვაშაძე - საქმე გვაქვს იმიტირებულ ქოლცენტრთან, სპეცოპერაცია თავიდან ბოლომდე სპეცსამსახურებმა და სუს-მა დაგეგმეს

რეალურად, საქმე გვაქვს იმიტირებულ ქოლცენტრთან. სპეცოპერაცია თავიდან ბოლომდე დაგეგმეს სპეცსამსახურებმა და სუს-მა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 13 აპრილს ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანია „ლაიონ 7 გრუპს“, რომელიც ქირაობს ფართს იმ შენობაში, სადაც ვაშაძის ძმა ფლობს 10-ნომრიან სასტუმროს. გიორგი ვაშაძის განმარტებით, ფართის დამქირავებლებმა შენობის დირექტორს განუცხადეს, რომ იქ სასწავლო ცენტრის გახსნა სურდათ. როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს ეს მასთან დაკავშირებული რაიმე ქოლცენტრი იყო.

„ქოლცენტრების საკითხზე რუსული რეჟიმის პროპაგანდისტული არხების მიერ ხდება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების, ზოგადად, ჩვენი ოპოზიციური ჯგუფის მიზანმიმართული და აღვირახსნილი, პროვოკაციული, პირდაპირ ვიტყვი – სახელისა და რეპუტაციის შელახვა. მინდა, საზოგადოებას მივაწოდო სიმართლე ამ საკითხთან დაკაშირებით და მოგიყვეთ კონკრეტული ფაქტები, რეალურად როგორ დაგეგმეს ეს პროვოკაცია, სავარაუდოდ, სუს-მა და სხვა სპეციალურმა სამსახურებმა, როგორ არის ჩართული ამ პროპაგანდისტულ პროვოკაციაში „ქართული ოცნების“ მიერ მართული ტელეარხები და სხვა მედიასაშუალებები.

როცა მთელი საქართველო საუბრობს ქოლცენტრებთან დაკავშირებით, ხელთ მაქვს რეესტრის ამონაწერი, სადაც 13 აპრილს, სავარაუდოდ, სუს-ის დავალებით, ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანიას, „ლაიონ 7 გრუპს“, რომელიც მიდის და ქირაობს ფართს იმ შენობაში, სადაც ჩემი ძმა ფლობს 10-ნომრიან სასტუმროს და, რაც მთავარია, ამ შენობის მეპატრონეებს და დირექტორს, ბატონ ლომგულ ჭკუასელს ეუბნებიან, რომ იქ უნდათ სასწავლო ცენტრის გახსნა. ამავე ოფისში წლების განმავლობაში არსებობდა სასწავლო ცენტრი და დიდი ხანია, ეს ოფისი ვერ ქირავდებოდა. შესაბამისად, გამქირავებელს ეჭვი არ გაუჩნდა და მიაქირავა ვინმე არახამიას ეს ოფისი. ზუსტად სამ კვირაში, ვიდრე შინგან საქმეთა სამინისტრო რაიმე სახის  ოპერაციებს ჩაატარებდა, ქოცპროპაგანდისტმა ექსპერტებმა, მაგალითად, ბატონმა სალუქვაძემ და „ქოცებთან“, რუსულ რეჟიმთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა, მაგალითად, „პრაიმ ტაიმმა“, გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ეს იყო ჩემთან დაკავშირებული ქოლცენტრი. მეტიც – ამ ადამიანებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამართალდამცავ ორგანოებს არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ ამ შინაარსთან დაკავშირებით, იყო თუ არა იქ ქოლცენტრი, რაიმე სხვა ოფისი იყო, რას ლუქავდნენ. თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ მიერ მართული ტელეარხების და მათი პროპაგანდისტი, იაფფასიანი, სუს-ის მიერ „დავერბორკებული“ ექსპერტების მიერ ხდება გარკვეული ინფორმაციის ტირაჟირება. რეალურად, ჩვენ საქმე გვაქვს იმიტირებულ ქოლცენტრთან. ეს სპეცოპერცია თავიდან ბოლომდე დაგეგმეს სპეცსამსახურებმა, სუს-მა და, რაც მთავარია, ეს ვინმე არახამია საერთოდ გაქრა, არსად არ არსებობს ეს ადამიანი, ვერავინ პოულობს ამ ადამიანს. სავარაუდოდ, როგორც ამბობენ, საერთოდ ქვეყნიდან გაიყვანეს ეს პიროვნება.

მინდა, მივმართო შსს-ს, სუს-ს, პროკურატურას – ამ საქმესთან დაკავშირებით ვინმე არის დაკითხული ან დაკავებული? ვინმე არის პასუხისგებაში მიცემული? ვინ ჩაიდინა დანაშაული? თუ ასეთი დანაშაული არსებობს, რაიმე მტკიცებულება გაქვთ? სად არის ეს მიხეილ არახამია? რატომ აფარებთ მას ხელს? იმ ქოცპროპაგანდისტულ არხებს – „იმედს“, „რუსთავი 2“-ს, „პოსტივის“, რომ ლიკლიკებთ და საუბრობთ, ტყლაპივით რომ გაქვთ ენა გადაგდებული, ერთი შეკითხვა მაინც არ გაგიჩნდათ, სად არის ეს ხალხი? სად არიან ის ადამიანები, ვინც თურმე დანაშაული ჩაიდინა?“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.