გიორგი ვაშაძე - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირის წევრობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ახლა „ქართულ ოცნებას“ აქვს ბოლოს-ბოლოს-ბოლო შანსი
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირის წევრობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ მოჯადოებული წრე გავარღვიოთ და გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, ძალიან მკაფიოა ჩვენი ევროპელი პარტნიორების პოზიცია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ყველა პარტნიორი ურჩევს, რომ რეკომენდაციები შეასრულოს.
„გერმანიის კანცლერის, ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის ელჩების, ვენეციის კომისიის დასკვნა, ევროკომისიის დასკვნები და რეკომენდაციები, ევროპარლამენტის პოზიცია და რეკომენდაციებია, რომ 12 პუნქტი უნდა შესრულდეს. ახლა „ქართულ ოცნებას“ აქვს ბოლოს-ბოლოს-ბოლო შანსი. რამდენიმე კვირაა დარჩენილი, რომ 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟს შეეშვას და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ევროკავშირისკენ. ბურთიც და მოედანიც მათ მხარეს არის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ შეასრულონ 12 პუნქტი, შეასრულონ ის ვალდებულებები, რასაც ევროკავშირი საქართველოს უყენებს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. რეფორმების და რეკომენდაციების საბოტაჟს შეეშვან და კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადადგან. ეს რამდენიმე კვირა ტესტი იქნება იმის, თუ რა გზას ირჩევს „ქართული ოცნება“. ირჩევს გზას ევროკავშირისკენ ან საბოტაჟს არა მხოლოდ ევროკავშირის გაწევრიანებას უწევს, არამედ ქართველი ხალხის ნების გაყალბებას ახდენს. ბურთიც და მოედანიც „ქართული ოცნების“ მხარეს არის. ჩვენ, ოპოზიცია, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყველა კანონს, რომელიც ინიცირებული იქნება 12 პუნქტის შესასრულებლად, მხარს დავუჭერთ. აღარ გამოვა გადაკეთება, გადმოკეთება და ათასი სხვადასხვა მიზეზის და საბაბის მოძებნა, რეკომენდაციების შესრულება რატომ არ უნდათ“, – განაცხადა ვაშაძემ.