გიორგი ვაშაძე - საქართველოში კატასტროფული დემოგრაფიული მაჩვენებლებია
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში კატასტროფული დემოგრაფიული მაჩვენებლებია.
როგორც ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ქვეყანაში მნიშვნელოვნად დაეცა შობადობის მაჩვენებელი.
„2015 წელთან შედარებით, ყოველწლიური შობადობის მაჩვენებელი 20 000-ით არის შემცირებული. 2022 წელს 7 000 ადამიანით მეტი გარდაიცვალა საქართველოში, ვიდრე დაიბადა. დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიიყვანეთ ხალხი და ამის მერე საუბრობთ, რომ ეკონომიკა ყვავის? ვისთვის ყვავის ეს ეკონომიკა, გამაგებინეთ?“ – მიმართა ვაშაძემ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც დღეს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით, მარტო 2022 წელს საქართველო დატოვა 100 000-მა მოქალაქემ.
„რატომ დატოვეს, იმის გამო, რომ სამუშაო ადგილები შექმენით? იმიტომ, რომ ეკონომიკა ყვავის? იმიტომ, რომ მაგარი ცხოვრებაა ქვეყანაში? სიღარიბის და გაჭირვების გამო დატოვეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.