გიორგი ვაშაძე - საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ალტერნატივა არ აქვს
ერთადერთი გზა საქართველოს ეკონომიკური გაძლიერება და ისაა, რაც უფრო მეტ აფხაზ თანამოძმეს დააფიქრებ და ათქმევინებს, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ და გვქონდეს საერთო ძლიერი საქართველო, რომელშიც ყველანი ძლიერები ვიქნებით, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას განცხადებასთან დაკავშირებით პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ალტერნატივა არ აქვს.
„რაც შეეხება სერგეი შამბას განცხადებას, ალბათ, ყველას გვაინტერესებს, რამ გამოიწვია ამ განცხადების გაკეთება და ამას აუცილებლად ჩავუღრმავდებით, მაგრამ ფაქტია, რომ რაც არ უნდა შეეცადოს ოკუპაციას და ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას რუსეთის ფედერაცია, კატასტროფა, რასაც ცხინვალში და აფხაზეთში ახორციელებს, ყოველთვის იქნება შესაბამისად აღქმული ჩვენი თანამოძმეების მხრიდან. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ალტერნატივა არ აქვს და მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ვაშაძემ.
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს. „საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი. თუმცა, ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ“, – განაცხადა შამბამ.