გიორგი ვაშაძე - საქართველოს მთავრობას უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობების გამოსასწორებლად ერთი თვე ჰქონდა, რაც არ გამოიყენა, ამის შედეგია საბოლოოდ ელჩის გაწვევა
საქართველოს მთავრობას ერთი თვე ჰქონდა იმისთვის, რომ უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობები გამოესწორებინა, რაც არ გამოიყენა. ამის შედეგია საბოლოოდ საქართველოდან ელჩის გაწვევა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
გიორგი ვაშაძემ ამ კომენტარით შეაფასა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, სადაც ამბობს, რომ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს, მათ შორის ჰუმანიტარულ ნაწილში, უკრაინის მიმართ მყარი მხარდაჭერა არ გამოუხატავს.
„ვწუხვარ, რომ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის გადაწყვეტილების მომსწრე ვართ. საუბარია საქართველოზე, რომლისთვისაც უკრაინა უახლოესი ძმა და მეგობარია და უკრაინა, რომლისთვისაც საქართველოა უახლოესი ძმა და მეგობარი. გაჭირვების დროს უახლოესი მეგობრისგან ელოდები სრულ თანადგომას და არა – პოლიტიკურ კინკლაობას, კრიტიკას. საქართველოს მთავრობას ერთი თვე ჰქონდა იმისთვის, რომ უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობები გამოესწორებინა, რაც არ გამოიყენა. ამის შედეგია საბოლოოდ საქართველოდან ელჩის გაწვევა და შესაბამის დოკუმენტზე ხელის მოწერა. „ქართული ოცნება“ არ ასხივებს იმას, რომ მხარს უჭერს უკრაინას, რაც არის მთავარი პრობლემა. ხელისუფლების ყველა განცხადება არის იმის შესახებ, რომ უკრაინის ხელისუფლებაში არიან „ნაცები“ და ცივილიზებული სამყაროს მიერ დაწესებულ სანქციებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ეს განცხადება მათ ძალიან ცუდ პოზიციაზე მიუთითებს. „ქართული ოცნება“ იმ პოლიტიკურ ძალად იქცა, რომელიც აფასებს სიმხდალეს, ხოლო გაბედულ, პრინციპულ ნაბიჯებზე ამბობს, რომ ეს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოა. ეს არის რეალობა, რომელიც შემჩნეულია არა მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ეს არის დემარში.
მინდა, მადლობა ვუთხრა, რომ ამ ვითარებაში საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ხაზი ბოლომდე არ გადაჭრა. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას დაშვებული შეცდომები გამოესწორებინა, ეს ყველაფერი უფრო ღრმად მიდის. რა უნდა გააკეთოს ელჩმა, როცა სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას უკრაინასთან მიმართებით საჯაროდ აქვს ძალიან მძიმე პოზიცია? რიტორიკა, რაც მთავრობას საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინის ხელისუფლების მიმართ აქვს, როცა უკრაინელი დევნილებისთვის უფასო საცხოვრებელიც კი არ გამოუყვიათ, სხვაზე რაზე ვლაპარაკობთ? საქართველოს ჰუმანიტარულ საკითხებშიც კი, მყარი მხარდაჭერა არ გამოუხატავს. მესმის, რომ ჩვენ ჩვენი დევნილები გვყავს და ბევრი სხვა სოციალური პრობლემა გვაქვს, მაგრამ უზარმაზარი დარტყმის ქვეშ არის უკრაინა და უკრაინაში მიმდინარე ბრძოლა არის ჩვენი ბრძოლა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.