გიორგი ვაშაძე - საქართველოს ეკლესიას უმაღლესი სტანდარტის დაცულობა აქვს და ეს ჩვენს დროს არის გაკეთებული, ესაა საკონსტიტუციო შეთანხმება, დიდი კონკორდატი
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს უმაღლესი სტანდარტის დაცულობა აქვს საქართველოს ეკლესიას და „ქართული ოცნების“ მხრიდან ახლა მიმდინარეობს თავდასხმა მაღალ სასულიერო იერარქებზე, რომლებიც მათ ეუბნებიან, რომ ეკლესიას საარჩევნო მიზნებისთვის არ გამოაყენებინებენ.
ვაშაძის თქმით, კონკორდატში კონკრეტული დამოუკიდებლობის გარანტიებია მიცემული ეკლესიისთვის.
„დღეს უმაღლესი სტანდარტის დაცულობა აქვს საქართველოს ეკლესიას და ვის დროს არის ეს გაკეთებული? ჩვენს დროს. ეს არის საკონსტიტუციო შეთანხმება, დიდი კონკორდატი. ისტორიული დოკუმენტი შეიქმნა საქართველოში. კონკორდატი წაიკითხეთ, ერთი პუნქტი მაინც მითხარით, რას ამატებენ ამ საკითხს? კი არ გაამყარებენ, ახლა დაიწყეს თავდასხმა მაღალ სასულიერო იერარქებზე, რომლებიც ეუბნებიან, რომ ეკლესიას და რელიგიას საარჩევნო მიზნებისთვის არ გამოგაყენებინებთო. რა აქვს ვინმეს საწინააღმდეგო კონკორდატთან, რომელიც დადებულია ეკლესიასთან? რელიგიის და ეკლესიის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების საჭიროება კი არა, ეს არის ძალიან ცუდი, და ვეთანხმები სასულიერო პირებს, ვინც ამას ამბობენ. კონკორდატში რაც წერია, ამაზე მეტს რას გვთავაზობენ, ჯერ ხომ უნდა გავიგოთ? კონკორდატში არის კონკრეტული დამოუკიდებლობის გარანტიები მიცემული ეკლესიისთვის. მე მათ მოვუწოდებ, ნუ ესხმით თავს სასულიერო პირებს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.