გიორგი ვაშაძე - სამარცხვინოა ვითომ ექსპერტების განცხადებები, რომ პოლიტიკოსებმა შეატოვეს პოლიცია და ახალგაზრდები
სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიცია განცხადებას დღეს საღამოს, აქციაზე გააკეთებს. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ოპოზციის მოთხოვნაა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა, ასევე ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.
„ქუჩებში დასდევდნენ და შუკა-შუკა იყვანდნენ ხალხს, საოცარი ძალადობრივი გამოვლინება გვაჩვენა „ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ, რომელიც დროებით არის კიდევ ხელისუფლებაში. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, კონცენტრირებას ვახდენთ, რომ სწორად მოვახდინოთ ორგანიზება თითოეული ჩვენი ქმედების. დღეს 19:00 საათზე ვიკრიბებით და ვუერთდებით საზოგადოებრივ პროტესტს. მხარს ვუჭერთ ოპოზიციურ პარტიებს და მოთხოვნებს, რაც წაყენებული იქნა გუშინ, მოთხოვნები არის გადადგეს კობახიძე, გახარია და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, სამარცხვინოა განცხადებები იმის შესახებ, რომ გუშინდელ აქციაზე პოლიტიკოსებმა ერთმანეთს შეატოვეს პოლიცია და ახალგაზრდები.
„გუშინ 19:00 საათი იყო პოლიტიკოსების მიერ დაანონსებული და ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. მესმის აბსურდული განცხადებები, რომელიც კეთდება. ძაან სამარცხვინოა ვითომ ექსპერტების და ვითომ კონსტიტუციონალისტების, თუ ვიგინდარა ადამიანების განცხადებები, რომ ვითომ პოლიტიკოსებმა შეატოვეს პოლიცია და ახალგაზრდები. გრცხვენოდეთ, ასეთი განცხადებები თქვენ გხდით ფარდას და აჩენს თქვენს სახეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.