გიორგი ვაშაძე სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, 19 აპრილის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს
ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, 19 აპრილის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
როგორც საქართველოს პირველ არხს ვაშაძემ განუცხადა, სალომე ზურაბიშვილი ბოლო მოლაპარაკების პროცესს ესწრებოდა და კარგად იცის, თუ რაზე შეთანხმდნენ მხარეები და როგორი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება.
„ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილის შეფასება არ მომისმენია. სამწუხაროდ, ცუდი გამოცდილება მაქვს, რადგან როცა კანონზე ვეტო იყო დასადები, მაშინ შევხვდით და არაფრით დამთავრდა. იმისათვის, რომ პრეზიდენტი ანტურაჟზე არ იყოს გადასული, საჯაროდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და ამის შემდეგ მზად ვართ, შევხვდეთ“, – განაცხადა ვაშაძემ.