გიორგი ვაშაძე - სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დაადასტურეს, რომ ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობა შეგვიძლია ვცნოთ ჩვენ საქართველოში
სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დაადასტურეს, რომ ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის ცნობა შეგვიძლია ჩვენ საქართველოში და არა უცხოეთის სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ეუთო-ს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ეუთო-ს წარმომადგენლებს არჩევნების დღეს გამოვლრნილ დარღვევებთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტები წარუდგინეს.
ვაშაძის განმარტებით, არჩევნები არალეგიტიმურია, რაზეც საერთო ოპოზიციური კონსენსუსია.
„ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაციები, თითქოს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ლეგიტიმურად ცნეს და ასე შემდეგ. მათაც ჩვენთან დაადასტურეს, რომ ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობა შეგვიძლია ვცნოთ ჩვენ საქართველოში და არა უცხოეთის სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. თქვენ აუცილებლად იხილავთ ახალ განცხადებებს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ჩვენ წარვუდგინეთ კონკრეტული ფაქტები იმ კარუსელთან დაკავშირებით, რომელიც ტრიალებდა. მარტო ისნის რაიონში 650 ბიულეტენი არის 45 უბანზე გამქრალი. მთლიან ციფრს აუცილებლად დავთვლით, ოქმებში დისბალანსი, გადაჭარბებული ბიულეტენი და ასე შემდეგ, მათაც თქვეს, რომ დაელოდებიან ჩვენს საბოლოო რეპორტს და საბოლოო შეფასებებს გააკეთებენ, მაგრამ ერთი, რაც ცხადია, საერთო ოპოზიციური კონსენსუსია და ამას არავინ არ გადათქვამს, ეს არჩევნები არის არალეგიტიმური“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.