გიორგი ვაშაძე - როგორც „ნაცმოძრაობამ“ გააუქმა თავის დროზე თავისივე მიღებული კანონი, ასევე გააუქმებს „ქართული ოცნება“ თავისივე ხელით მიღებულ კანონს
2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად იგივე ტიპის გადაწყეტილება მიიღო და დასაჯა პარტიები. მას შემდეგ მოუწია ამ კანონის უკან წაღება და აღდგენა სამართლიანობის, რომ პოლიტიკური პლურალიზმი იყოს ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ კანონის გაუქმება „ქაართულ ოცნებას“ მოუწევს.
„მეცინება უბრალოდ, რომ ყველაზე დიდი პარტია, „ქართული ოცნება“, ყველაზე პატარა პარტიას, „ლეიბორისტულ პარტიას“ სჯის ახლა და ეუბნება, კაპიკებს, რომელიც უნდა მიიღო პარტიული საქმიანობისთვის ვეღარ მიიღებ. ეს არის ძალიან იაფფასიანი ქმედება „ქართული ოცნების“ მხრიდან. დამერწმუნეთ, რომ ეს კანონი რაც არ უნდა მიიღონ, მაინც გაუქმდება, მოუწევთ, გააუქმონ ეს კანონი, რადგან ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნას. გვქონდა ურთიერთობა დიპლომატიურ კორპუსთან ამ თემასთან დაკავშირებით. ძალიან მწვავე შეფასება იქნება ამ თემასთან დაკავშირებით. როგორც „ნაცმოძრაობამ“ გააუქმა თავის დროზე თავისივე მიღებული კანონი, ასევე გააუქმებს „ქართული ოცნება“ თავისივე ხელით მიღებულ კანონს“, – განაცხადა ვაშაძემ.