გიორგი ვაშაძე - როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვიქნებით ხალხის და არა ბანკების სამსახურში
გიორგი ვაშაძე - როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვიქნებით ხალხის და არა ბანკების სამსახურში

როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვიქნებით ხალხის და არა ბანკების სამსახურში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ დაასახელა მიმართულებები, სადაც დღესდღეობით პრობლემებია, მათ შორის არის ქართული ბიზნესი.

მისი თქმით, შეუძლებელია, განვითარდეს ბიზნესი, რომელიც 15-პროცენტიან სესხს იღებს.

„დღეს საქართველოში ნომერ პირველი პრობლემა არის სესხებზე უსამართლოდ მაღალი პროცენტები. საბანკო მონოპოლიებმა, ფაქტობრივად, ხალხის ძარცვის ხარჯზე, დაიწყეს საშინელი მოგების ჩვენება. ივნისში, როცა ყველას გაუჭირდა ქვეყანაში კორონავირუსის გამო, ბანკების მოგებამ მხოლოდ დასახელებულ თვეში 133 მლნ ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელია მაშინ, როცა გასულ წელს, იმავე პერიოდში მოგება დაახლოებით, 30 მლნ ლარი იყო.

დამსხვრეული ოცნებების პარტიამ „ლიბერთი ბანკის“ ოფისს მისცა შესაძლებლობა, ძარცვონ საქართველოში ყველაზე გაჭირვებული ფენები- პენსიონრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

ასევე მძიმე ვითარებაში არის ქართული ბიზნესი. არ არსებობს განვითარდეს ბიზნესი, რომელიც იღებს 15-პროცენტიან სესხს. ქართული ბანკები მსოფლიოში რეკორდულ ზემოგებას წერენ- 25 პროცენტს საკუთარ კაპიტალთან, მაშინ როცა 7-8 პროცენტი არის სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძის თქმით, არჩევნებში გამარჯვებისთანავე, მისი გუნდი საქართველოში არსებულ ყველა სახის სესხზე დაწესებულ პროცენტს გაანახევრებს.

„მეორე მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ და რომელსაც შევასრულებთ არჩევნებში გამარჯვებისთანავე, ასეთია: 1-ლი იანვრიდან სულ მცირე, განახევრდება სესხის პროცენტი აბსოლუტურად ყველა სესხზე, რომელიც არის საქართველოში“, – აღნიშნა ვაშაძემ.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, საბანკო სექტორმა საზოგადოება მოატყუა, თითქოს მათ მოქალაქეებს სესხები გადაუვადეს და არც პროცენტებს გადაახდევინებდნენ.

მისივე თქმით, ეს არის უსამართლობა და  „სტრატეგია აღმაშენებელი“ არჩევნებში გამარჯვებისთანავე, ამ უსამართლობასაც შეებრძოლება და დაამარცხებს.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად არჩევნებში გამარჯვებისთანავე, შეებრძოლება იმ დიდ უსამართლობას, რომელიც დამსხვრეული ოცნებების, ივანიშვილის ოცნებების პარტიასთან ერთად გააკეთა საბანკო სექტორმა. მათ, თითქოს, მოქალაქეებს სესხები იმ პირობით გადაუვადეს, რომ სამიდან ექვსი თვის განმავლობაში პროცენტს არ გადაახდევინებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.

ახლა ისინი ხალხს ახდევინებენ პროცენტის პროცენტს. ეს უსამართლობა ჩვენ აუცილებლად უნდა დავასრულოთ არჩევნებში გამარჯვებისთანავე.

როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვიქნებით ხალხის და არა ბანკების სამსახურში ივანიშვილის მსაგვსად“, – აღნიშნა ვაშაძემ.