გიორგი ვაშაძე - რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის უფლება ყოველთვის გვაქვს, ისიც ფაქტია, რომ შეთანხმებაში არსებული 43% ვერ იქნება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საფუძველი, ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგია
„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის უფლება ყოველთვის აქვთ. მისივე თქმით, ისიც ფაქტია, რომ არჩევნების შედეგიდან გამომდინარე, 19 აპრილის შეთანხმებაში არსებული 43 პროცენტი ვერ იქნება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საფუძველი.
„რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის უფლება ყოველთვის გვაქვს და ამას ვერავინ წაგვართმევს. თუ გულისხმობთ შეთანხმებაში 43%-ს, 43% ვერ იქნება საფუძველი რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის, ესეც ფაქტია. ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგია და ალბათ, ყველამ უნდა გავაანალიზოთ, რატომ გვაქვს ასეთი შედეგი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დრო გვიჩვენებს ყველაფერს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის განმარტებით, წარმოუდგენლად მიაჩნია, მძიმე დაპირისპირებისა და პოლარიზების ფონმა 2024 წლამდე გასტანოს.
„მეორე ტურები, პოლიტიკური პროცესია წინ და ბევრი ფაქტორია, რომელიც გამოკვეთს, უნდა თუ არა ხალხს რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება დედაქალაქის კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით ნიკა მელიას განცხადებას, ვაშაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ არავისთან კონსულტაციები არ ჰქონია. ვაშაძის განმარტებით, ამ ეტაპზე არანაირ კოალიციებში მონაწილეობას არ აპირებენ.
„ვაფასებთ ჩვენს საარჩევნო შედეგებს და ვმუშაობთ, რომ დავიცვათ ჩვენი მხარდამჭერები პოლიტიკური წნეხისგან. რაც შეეხება კოალიციებს, ჩვენ ამ ეტაპზე არანაირ კოალიციებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. კარგად უნდა გავაანალიზოთ შედეგები, რაც ამ არჩევნების შემდეგ დადგა“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.