გიორგი ვაშაძე - ქვეყანაში აღარ არსებობს სახელმწიფო მართვის მექანიზმები, რომ გარკვეული პრევენცია მოახდინოს და მოქალაქეები დაიცვას
გიორგი ვაშაძე - ქვეყანაში აღარ არსებობს სახელმწიფო მართვის მექანიზმები, რომ გარკვეული პრევენცია მოახდინოს და მოქალაქეები დაიცვას

ქვეყანაში არის უკანონო ბანდფორმირებები, რომლებიც ადამიანებს აწამებენ, უკიდურესად მძიმედ ექცევიან და მინისტრები არიან პირდაპირ ჩართული დანაშაულებრივი სისტემების ჩამოყალიბებაში,- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე კომენტარისას განაცხადა.

„ქვეყანაში არის უკანონო ბანდფორმირებები, რომლებიც ადამიანებს აწამებენ, უკიდურესად მძიმედ ექცევიან. არ არსებობს არანაირი სამართალი და მინისტრები არიან პირდაპირ ჩართული ამ ბანდფორმირებებისთვის დავალების მიცემაში, დანაშაულებრივი სისტემების ჩამოყალიბებაში.

გუშინ ფაქტობრივად, ყველა ფაქტორი დავინახეთ, თუ რა ახდენდა ზეგავლენას ხორავას ქუჩაზე მოკლულ ახალგაზრდებთან მიმართებაში და ის რასაც ზაზა სარალიძე ამბობდა ამდენი ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად, პირდაპირი მტკიცებულებები ვნახეთ ამ ყველაფრის.

კიდევ ერთხელ ვიძახით, ეს არის დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც ხელს აფარებს მკვლელებს, ხელს აფარებს მათთან დაახლოებულ პირებს, ასრულებს უკანონო, კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს და რაც ყველაზე საგანგაშოა, ქვეყანაში აღარ არსებობს არანაირი სახელმწიფო მართვის მექანიზმები იმისთვის, რომ გარკევეული პრევენცია მოახდინოს და თავის მოქალაქეები დაიცვას.

28 ოქტომბერს რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავამთავროთ ეს ყველაფერი. არჩევნების გზით მშვიდობიანად გავისტუმროთ ერთხელ და სამუდამოდ ეს დანაშაულებრივი სისტემა“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„რუსთავი 2“-მა გუშინ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.