გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ არ სურს რიგგარეშე სხდომის ჩატარება, სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია სრულად ემთხვევა „ქართული ოცნების“ პოზიციას
გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ არ სურს რიგგარეშე სხდომის ჩატარება, სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია სრულად ემთხვევა „ქართული ოცნების“ პოზიციას

„ქართულ ოცნებას“ არ სურს, რომ ჩატარდეს სხდომა, სადაც ვილაპარაკებთ სიმართლეზე და მოვა სუს-ის ხელმძღვანელი. სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია სრულად ემთხვევა „ქართული ოცნების“ პოზიციას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეგლამენტით რიგგარეშე სხდომის დანიშვნა შესაძლებელია.

„ჩვენთვის, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“, „მესამე ძალისთვის“ ყველა მექანიზმის გამოყენება, რომელიც ამხელს ამ არსებულ დანაშაულებრივ სისტემას არის ძალიან მნიშვნელოვანი და მოვუწოდებთ ოპოზიციაში მყოფ კოლეგებს, კარგად დავფიქრდეთ, არის თუ არა მნიშვნელოვანი ვამხილოთ ის დანაშაულებრივი სისტემა, რაც დღეს არის. რეგლამენტით შესაძლებელია ამ სხდომის დანიშვნა და სუს-ის ხელმძღვანელის მოსვლა, ეს არ სურს „ქართულ ოცნებას“, რადგან მათ კითხვებზე პასუხები არ აქვთ და ეშინიათ მხილების. მე ყველაზე მეტად ის მაოცებს, ამ მხილებაზე უარს რატომ ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამ დროისთვის სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ განაცხადეს, რომ ხელი მოაწერეს „ლელოს“ ინიციატივას გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე. ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, ამ თემაზე ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგის დროს უკვე გააკეთა განცხადება, რომელიც ნიშნავს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერს.