გიორგი ვაშაძე - პრემიერ-მინისტრი როცა გავხდები, ჩემი ამოცანა იქნება, ყველა ადამიანი, ვისაც პირადი ცხოვრებით შანტაჟის მცდელობა ექნება, უმკაცრესად დაისაჯოს
როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გავხდები, ჩემი ამოცანა იქნება, რომ ყველა ადამიანი, ვისაც პირადი ცხოვრებით შანტაჟის მცდელობა მაინც ექნება, უმკაცრესად იქნება დასჯილი სამართალდამცავი უწყებების და ხელისუფლების მხრიდან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი თანაგუნდელის მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარაზე ისაუბრა.
ვაშაძის განცხადებით, „არჩევნები ახლოვდება და როგორც ჩანს, არიან ჯგუფები, რომლებიც პირადი ცხოვრებით შანტაჟს არ მოერიდებიან“.
„მე თითოეულ მათგანს ვაფრთხილებ, ხელი არ წაგიცდეთ მსგავს ქმედებაზე, რომელიც არის უკანონობა და უმკაცრესი რეაგირება იქნება ჩვენი მხრიდან. როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჩემი ამოცანა იქნება, რომ ყველა ადამიანი, ვისაც პირადი ცხოვრებით შანტაჟის მცდელობა მაინც ექნება, უმკაცრესად დაისჯება სამართალდამცავი უწყებების და ხელისუფლების მხრიდან. დღეს ნახსენები ფაქტი შეეხება ჩვენი ერთ-ერთი თანაგუნდელის პირად ცხოვრებას, გამოგონილია, თუ არ არის განოგონილი ამას მნიშვნელობა არ აქვს. საუბარია, პირად ცხოვრებაზე, რომ რაღაც გამოქვეყნდება, ვიღაცა ვიღაცას გადაუგზავნის. ჩვენ ვერ ვსაუბრობთ საჯაროდ, რადგან მისი პერსონალური ინფორმაციაა და არ გვაქვს უფლება დავარღვიოთ ეს საკითხი. გარკვეული ადამიანები ახორციელებენ შანტაჟს, ვისაც აქვს ჩანაწერებთან წვდომა, შესაბამისად, ჩვენი ეჭვია, რომ კავშირი არის მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებთან“, – განაცხადა ვაშაძემ.