გიორგი ვაშაძე - პოლიციას ვთავაზობთ, მელიქიშვილის გამზირი იყოს მათ მიერ დაკეტილი და ჩვენ სხვა ლოკაციას ავირჩევთ, მგონი, საღი შეთავაზებაა, რათა რესურსები სწორად გადავანაწილოთ
პოლიციას ვთავაზობთ, მელიქიშვილის გამზირი იყოს მათ მიერ დაკეტილი და ჩვენ სხვა ლოკაციას ავირჩევთ, რომელსაც დავკეტავთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აქციაზე სამართალდამცველებისთვის მიმართვისას განაცხადა.
„თქვენ გქონდეთ მელიქიშვილის გამზირი გადაკეტილი, ჩვენ წავალთ და სხვა ქუჩას გადავკეტავთ, რას იტყვით? ან ჩვენკენ გადმოდით და გეტყვით, რა ქუჩებია კიდევ, საინტერესო. უფროსობას უთხარით და გაგვაგებინეთ პასუხი, ხუთი წუთი გეყოფათ. ანუ, პოლიციას ვთავაზობთ, რომ ისინი დარჩნენ აქ, მელიქიშვილის გამზირი იყოს მათ მიერ დაკეტილი და ჩვენ სხვა, მეორე ლოკაციას ავირჩევთ, რომელსაც დავკეტავთ. მგონი, სწორი შეთანხმება იქნება ასეთ შემთხვევაში. ხელისუფლებას ერთობლივად ვაიძულებთ, აღიაროს, რომ არჩევნები მიტაცებულია და ახალი არჩევნები ჩავატაროთ, რადგან შემოუერთდნენ მობილურ პროტესტს, ხომ შემოუერთდნენ ჩვენს პროტესტს. დარჩით აქ, ჩვენ გადავალთ სხვაგან თუ გინდათ. მგონი, საღი შეთავაზებაა, რათა რესურსები სწორად გადავანაწილოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.