გიორგი ვაშაძე პეტრო პოროშენკოს მეორე ტურამდე გუნდის სრულად განახლებას ურჩევს
უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის, პეტრო პოროშენკოს პოლიტიკური მრჩეველი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ პოროშენკომ მეორე ტურამდე ამომრჩეველს არამხოლოდ დაპირებები, არამედ რეალური ნაბიჯებიც უნდა შესთავაზოს.
ვაშაძე ამბობს, რომ მან პოროშენკოს გუნდის სრულად განახლება ურჩია, რადგან საზოგადოება სიახლეს ითხოვს.
„პოროშენკოს პრობლემა რაც არის, ესაა ყელში ამოსული ბევრი პოლიტიკოსი მის გარშემო, ანუ, დაძველდა ეს გუნდი, სახეები, რომელიც წინა მთავრობებშიც იყვნენ, ახლაც არიან. მისი აურა არ არის ახალგაზრდული, თანამედროვე. ერთი მხრივ, ადამიანი მართლაც გახსნილია და ევროკავშირის ტოპ-ლიდერებს შორის არის, მეორე მხრივ, ჰყავს გუნდი, რომელიც ყელში ამოუვიდა საზოგადოებას და ამ არჩევნებმაც ეს აჩვენა, რადგან ამოწურა ამ გუნდმა საკუთარი თავი. ჩემი რეკომენდაციაა, რომ მან უნდა შეცვალოს გუნდი. პირდაპირ გეუბნებით, ამ რეკომენდაციას პირდაპირ ვაძლევ, აუცილებელია ეს სიახლე. სიახლე მარტო აქ კი არა, ზოგადად პოლიტიკაშია აუცილებელი. ერთი და იგივე არ ტრიალდება. ხალხს უნდა ახალი, რაღაც ახლებური მოისმინოს, რაღაც განსხვავებული გასინჯოს”,- ამბობს ვაშაძე.
გიორგი ვაშაძე უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერი კანდიდატის, კომიკოს ვლადიმირ ზელენსკის შანსებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მეორე ტური დაძაბული იქნება. მისი შეფასებით, ზელენსკის შანსები შემცირდება, თუ ის ძველ პოლიტიკურ სახეებთან გაერთიანებას გადაწყვეტს.
„ზელენსკის ამოცანა დღეს არის, რომ მან ხმების მინიმუმ 20% დაიმატოს. ეს არის დაახლოებით სამი მილიონი ხმა. ამ ხმების მიღება მარტივი არ იქნება, თუმცა თუ მან ეს ამოცანა შეასრულა, მაშინ გაიმარჯვებს. ვფიქრობ, ძველი თაობის პოლიტიკოსების მხარდაჭერა მისთვის შეიძლება მინუსი იყოს. 30% მას ხმას აძლევს იმიტომ, რომ ის ახალია. თუ მის გვერდით არის ტიმოშენკო, გლიცენკო, დიდი ხნის მოძველებული პოლიტიკოსები, მაშინ ეს სერიოზულ პრობლემას უქმნის იმ იმიჯს, რაც აქვს დღეს ზელენსკის. ანუ, უნდა აწონოს, რომელი ვარიანტი ურჩევნია, როცა ამ ძველი თაობის პოლიტიკოსებს შეიერთებს და აითქვიფება მათში, ესენი კი ჰიპერაქტიურები არიან და ასე ვთქვათ, გადაუვლიან თავზე მის იმიჯს, თუ ინარჩუნებს ისევ, უხეშად ვიტყვი, ქალიშვილობას პოლიტიკისთვის და კვლავ ხდება ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელსაც ახალგაზრდა გუნდი ჰყავს”,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომელიც ამ დროისთვის კიევში იმყოფება და პეტრო პოროშენკოს პოლიტიკური მრჩევლის პოზიციას იკავებს.
საქართველოს პირველი არხის კითხვაზე საპასუხოდ, აპირებს თუ არა სხვა კანდიდატების მხარდაჭერით ისარგებლოს, ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ის მის ახალგაზრდა გუნდთან ერთად აპირებს ბრძოლის გაგრძელებას.
„უკვე მითხრეს, რომ რაღაც ფეიკნიუსები გავრცელდა, თითქოს ვიღაცასთან შევთანხმდით, გავერთიანდით. ჩვენ არავისთან შევთანხმებულვართ. ახალგაზრდა ხალხი ვართ და არ გვინდა, უკვე განვლილი წარსული მომავალში გადმოვიტანოთ, ჩვენი ქვეყნის მომავალში“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს პირველი არხის შეკითხვაზე საპასუხოდ.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ვლადიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 21 აპრილია.