გიორგი ვაშაძე - ოპოზიციურ კოლეგებს მოვუწოდებ, შიდა პრობლემები გაარჩიეთ შიგნით, ყურადღების მიპყრობას ნუ ახდენთ ისეთ საკითხებზე, რასაც მნიშვნელოვანი საკითხებიდან მეორეხარისხოვანზე გადავყავართ
ოპოზიციურ კოლეგებს ღიად და დაუფარავად მოვუწოდებ, თქვენი შიდა პრობლემები გაარჩიეთ შიგნით და საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობას ნუ ახდენთ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ეროვნული ინტერესების მნიშვნელოვანი საკითხებიდან გადავყავართ მეორეხარისხოვანზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, მისთვის პირველხარისხოვანია პრორუსული „ქართული ოცნების“ ჩამოშორება.
„ნომერ პირველი პრობლემა დღეს გვაქვს რუსების მასიური შემოდინება, ნომერ პირველ პრობლემასთან ერთად ასევე არის ის, რომ „ქართული ოცნება“ მართავს უმრავლესობას საქართველოში. შესაბამისად, მე მეორეხარისხოვნად მიმაჩნია ამ თემებზე მსჯელობა, მეორეხარისხოვნად მიმაჩნია, ვინ, ვის სად ეხმარება, ასე თუ ისე ეხმარება. ჩემთვის პირველხარისხოვანი არის პრორუსული „ქართული ოცნების“ ჩამოშორება. ვწუხვარ, რომ ხშირ შემთხვევაში, ოპოზიციური კოლეგების საჯარო განცხადებები ან ქმედებები მთავარი სამიზნიდან აცდენას იწვევს. მეჩვიდმეტე, მეასე და მეათიათასეხარისხოვნად მიმაჩნია ეს საკითხები, როცა სამშობლოს გვართმევენ, როცა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის აღიარებას აპირებს ბელორუსი, როცა რუსების მასიური შემოსვლა ხდება საქართველოში. ოპოზიციურ კოლეგებს მინდა ისიც ვუთხრა, უნდა იცოდეთ, რომ რეალური ჰიბრიდული ომის და დეზინფორმაციული კამპანიის მიერ შექმნილი პოლიტიკური გაერთიანება სახელწოდებით „ქართული ოცნება“ როგორ გამოიყენებს თქვენს განცხადებებს ჩვენი ევროპული მისწრაფებების საწინააღმდეგოდ. მაგ დეტალებს ვინც ერთმანეთთან არჩევს, გაარჩიოს რამდენიც უნდა. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ღირსეული პოლიტიკური ძალის პოზიცია უნდა იყოს წვრილმან კამათებში არ ჩავერთოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.